ზურაბ ჯაფარიძე: “გირჩის” არსებობის შინაარსი საბჭოთა საქართველოს დასრულება და თავისუფალის აშენებაა

“გირჩის” არსებობის შინაარსი საბჭოთა საქართველოს დასრულება და თავისუფალის აშენებაა, – ამის შესახებ “გირჩის” ლიდერმა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ “აიპრესთან” ინტერვიუში განაცხადა, რომელსაც სრულად მკითხველს მოგვიანებით შევთავაზებთ.

_ თქვენ ხედვაში პირადად თქვენ გიწერიათ, რომ პარლამენტში მეტი „გირჩი“ ნიშნავს საბჭოთა კავშირის დასრულებას. როგორ ნიშნავს ეს ამას? ამიხსენით ეგ მექანიზმი.

_ „გირჩის“ არსებობის შინაარსი და არსი საბოლოო ჯამში არის ეს, რომ გვინდა ამ ქვეყანაში დავასრულოთ საბჭოთა საქართველო და თავისუფალი საზოგადოება ავაშენოთ. შესაბამისად, რაც მეტი „გირჩი“ იქნება პარლამენტში, მით მეტი პოლიტიკური ბერკეტი გვექნება ჩვენ, რომ ამ გზისკენ ვიაროთ. მით მეტი საშუალება გვექნება, რომ გავიტანოთ ის ხედვები, რაც გვაქვს.

_ თუმცა, ყველა პარტია მაგას გვეუბნება, რომ საბჭოთა კავშირიდან გამოსვლა გვინდა, ეგ არის გეგმა და ა. შ. ტრაფარეტულ განცხადებას ხომ არ აკეთებთ ახლა?

_ მე არ ვიცი არცერთი პარტია „გირჩის“ გარდა, რომელიც მაგაზე ლაპარაკობდა. ახლა შეიძლება ჩვენგან გადაიღეს, მაგრამ აქამდე მე არ მახსენდება, რომ ვინმეს მაგაზე ელაპარაკა.

_ პლაგიატი დაინახეთ?

_ შესაძლოა ვინმემ გადაიღო, არ მიმიქცევია ყურადღება. ზოგადად არ მჯერა, რომ რომელიმე პარტია გარდა „გირჩისა“ მართლა გააზრებული აქვთ, როდესაც ვიძახით, რომ დღევანდელი საქართველო ჯერ კიდევ საბჭოთა საქართველოა. არ მგონია, რომ ამის შინაარსი ესმოდეთ. თითებზე ჩამოსათვლელი პოლიტიკოსები შეიძლება ვიპოვო ოპოზიციურ ფლანგზე და ერთი ხელი მეყოფა მათ დასათვლელად, ვისაც შესაძლოა რაღაცა ესმოდეთ ამ მიმართულებით. დანარჩენები შესაძლოა მართლა ტრაფარეტულად იმეორებენ ამ ფრაზას, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ „გირჩს“ მართლა შინაარსობრივად ესმის ეს საკითხი.

სტატიის ავტორი იაგო ნაცვლიშვილი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად