ზურაბ ჯაფარიძე: ჩემი კონკურენტი დიდუბე-ჩუღურეთში იქნება გია ვოლსკი

პარტია „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.

ამის შესახებ ინფორმაციას ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში საკუთარ გვრედზე წერს და განმარტავს, რომ  „გირჩმა“ მაჟორიტარულ არჩევნებში ჩართვის გადაწყვეტილება თბილისის 6 ოლქის გარდა, სხვა ოლქებში ერთიან ოპოზიციურ კანდიდატებზე შეთანხმების პროცესის გართულების გამო მიიღო.

„რამდენიმე კვირის წინ „გირჩმა“ მიიღო გადაწყვეტილება გამოთიშოდა ოპოზიციის შიგნით მიმდინარე, მაჟორიტარულ ოლქებში ერთიანი კანდიდატების შერჩევის პროცესს. ეს გადაწყვეტილება განპირობებული იყო სურვილით გაადვილებულიყო შეთანხმება ერთიან კანდიდატებზე. მე საჯაროდ დავუჭირე მხარი „ევროპული საქართველოს“ კანდიდატს ვაკის მაჟორიტარულ ოლქში, ელენე ხოშტარიას და ვრჩები ამ გადაწყვეტილების ერთგული.

იმის გამო, რომ დროში გაიწელა თბილისის 6 ოქლის გარდა სხვა ოლქებში ერთიან ოპოზიციურ კანდიდატებზე შეთანხმების პროცესი, „გირჩმა“ მიიღო გადაწყვეტილება ჩაერთოს მაჟორიტარულ არჩევნებში.

მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი მგონია ჩემი აქტიური ჩართულობა „გირჩის“ წინასაარჩევნო კამპანიაში ქვეყნის მასშტაბით, რთულად წარმომიდგენია „გირჩის“ მონაწილეობა მაჟორიტარულ არჩევნებში ისე, რომ მე არ ვიყო კანდიდატი რომელიმე მაჟორიტარულ ოლქში. გადავწყვიტე „გირჩის“ სახელით კენჭი ვიყარო თბილისში, დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარულ ოლქში. წინასწარი კონსულტაცია მქონდა რამდენიმე ოპოზიციური პარტიის ლიდერთან, რომლებმაც დამიდასტურეს საკუთარი კეთილგანწყობა ჩემს ამ გადაწყვეტილებასთან მიმართებაში“, – წერს ზურაბ ჯაფარიძე.

მისივე თქმით, დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში მისი კონკურენტი გია ვოლსკი იქნება და მასთან საჯარო დისკუსიის გასამართად მზად არის.

„იმედი მაქვს ეს კეთილგანწყობა გადაითარგმნება პოლიტიკურ მხარდაჭერაში ოპოზიციური პარტიების მხრიდან, „საბჭოთა საქართველოზე ოცნებიდან“ ჩემი კონკურენტი დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში იქნება გია ვოლსკი, რომელსაც ამ წუთიდან ვიწვევ საჯაროდ სასაუბროდ ქვეყნისთვის საჭირბოროტო ნებისმიერ თემაზე, იქნება ეს ეკონომიკა თუ იქნება ეს დეოკუპაცია, მისთვის მისაღებ ნებისმიერ მედია პლატფორმაზე, ნებისმიერ დღეს, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ფორმატში“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად