ზურაბ გურული: ვაქცინის შემქმნელებს არ აქვთ პასუხი, ვაქცინაციის შემდეგ იქნებიან თუ არა პაციენტები გადამდებები

ვაქცინის შემქმნელებს არ აქვთ პასუხი, ვაქცინაციის შემდეგ იქნებიან თუ არა პაციენტები გადამდებები, – ამის შესახებ მთავარი არხის ეთერში აშშ-ში მოღვაწე ქართველმა ექიმმა, მისისიპის უნივერსიტეტის პროფესორმა ზურაბ გურულმა განაცხადა.

“ვაქცინა არსებობს და ვაქცინაცია სადღაც დეკემბრის ბოლოს დაიწყება. დასაწყისში ის არ იქნება მასობრივი, რა თქმა უნდა აშშ-ს ვგულისხმობ. ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რაც აუცილებელია იმისათვის, რომ ამ მიმართულებით რაღაც ძვრა მოხდეს, მაგრამ ვიმეორებ ამ ეტაპზე ვაქცინის შემქმნელებს არ აქვთ პასუხი ყველაზე მთავარ კითხვაზე – ვაქცინაციის შემდეგ იქნებიან თუ არა პაციენტები გადამდებები. ვაქცინა დიდი ალბათობით დაიცავს მათ, ვინც მას გაიკეთებს, დაიცავს ავადმყოფობის მძიმე ფორმებისაგან, მაგრამ ჩვენ ჯერ არ გვაქვს კითხვაზე პასუხი, რომ თუ ვაქცინაციის შემდეგ მათ დაემართებათ მსუბუქი ფორმებით, იქნებიან თუ არა ისინი გადამდებები. თუ იქნებიან გადამდები, ეს იმას ნიშნავს, რომ დაავადების გავრცელება ისევ გაგრძელდება.

საქართველომ რა თქმა უნდა თვალყური უნდა მიადევნოს რა ხდება ვაქცინასთან დაკავშირებით, მაგრამ ამავე დროს არ შეიძლება მის იმედზე ყოფნა. ჩვენ მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ჩვენი სტრუქტურები მოვაწესრიგოთ იმდენად, რომ კონტროლის ქვეშ მოვაქციოთ ნაკადები – როგორც ჰოსპიტალში მიმავალი, ისე ჰოსპიტალში მოთავსებული მძიმე პაციენტები”, – განაცხადა ზურაბ გურულმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად