ზურაბ გუმბარიძე: საპატრიარქოს ხელისუფლებასთან ერთად პირდაპირ ბრალი მიუძღვის ამ ძალადობაში

საპატრიარქოს ხელისუფლებასთან ერთად პირდაპირ ბრალი მიუძღვის ამ ძალადობაში, – ამის შესახებ “ფორმულას” ხელმძღვანელმა ზურაბ გუმბარიძემ “მთავარი არხისა” და “ტვ პირველის” ხელმძღვანელებთან ერთად გამართულ ერთობლოვ ბრიფინგზე განაცხადა.

“დღეს ვადევნებთ ძალიან საშიშ პროცესს თვალს, რომელიც ამ ქვეყანას კარგს არაფერს მოუტანს. ამ ვითარებაში ხელისუფლებამ მწვანე შუქი აუნთო ძალადობას. მათმა უპასუხისმგებლო განცხადებებმა წაახალისა ეს. ცოტა ხნის წინ სასტიკად სცემეს ჩვენი ჟურნალისტი რატი წვერავა და მთლიანად ყველა ჟურნალისტი დაუცველია. პირდაპირ ვთქვათ, ხელისუფლებასთან ერთად რომელსაც წვლილი მიუძღვის ამ ძალადობაში, ეს არის საქართველოს საპატრიარქო”, – თქვა გუმბარიძემ.

ის მოუწოდებს შსს-ს უზრუნველყონ ჟურნალისტების უსაფრთხოდ გადაადგილება და ამასთან საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიურ კორპუსს უფრო აქტიურად ჩართვისკენ მოუწოდებს.

“გასაგებია, რომ ხელისუფლება იმ პოზიციაშია, რომ ისინი ითვლიან ხმებს, მაგრამ მეგობრებო საქმე ეხება ადამიანის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს. ჯინი, რომელიც გამოუშვით, უკან ვეღარ დააბრუნებთ. საკუთარი საქმეს პასუხისმგებლობით მოეკიდონ ხელისუფლების წარმომადგენლები”, – განაცხადა ზურაბ გუმბარიძემ.

კომენტარები
იტვირთება...