ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: დიდუბე-ჩუღურეთში “ნაცმოძრაობის” მხარდაჭერის დაკარგვის ფასადაც რომ დამიჯდეს, არ გავჩუმდები!

პრეზიდენტ სააკშვილს არ სურს ივანიშვილის დამარცხება იმაზე მეტად ვიდრე ძალაუფლების კვლავ ხელში ჩაგდება. მეტიც, მას არ სურს ნაციონალურმა მოძრაობამ დაამარცხოს ივანიშვილი მის გარეშე, – ამის შესახებ “გირჩის” ლიდერი, დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.

“პრეზიდენტ სააკაშვილის ჩართვა ვნახე „ტვ პირველზე“,

ა) არანაირი კოალიციური მთავრობა არ იქნებაო

ბ) ეს არის ჩემსა და ივანიშვილს შორის ბრძოლა, სხვა არაფერიო

ოპოზიციური პარტიების თანმდევი კომენტარებიც მოვისმინე, ყველა არ იყო, და რაც იყო, მოზომილი მომეჩვენა

ჰოდა, ჩემი აზრით სიმართლე უნდა ითქვას:

1. ოპოზიციური პარტიები ჩუმად ან მოზომილი არიან, იმიტომ რომ ა) ნაციონალური მოძრაობის სიაში ზიან ან ბ) ნაციონალურ მოძრაობასთან ბლოკში არიან ან გ) ნაციონალური მოძრაობის ხმები სჭირდებათ მათ მაჟორიტარებს (სადაც შეთანხმებული კანდიდატებია) ან დ) ფიქრობენ რომ პრეზიდენტ სააკაშვილის კრიტიკით ოპოზიციურ ფლანგს დააზიანებენ. მე არ გავჩუმდები არც ერთი ამ მიზეზის გამო, თუნდაც ეს დამიჯდეს დიდუბე-ჩუღურეთში ნაციონალური მოძრაობის მხარდაჭერის დაკარგვად.

2. პრეზიდენტ სააკშვილს არ სურს ივანიშვილის დამარცხება იმაზე მეტად, ვიდრე ძალაუფლების კვლავ ხელში ჩაგდება. მეტიც, მას არ სურს ნაციონალურმა მოძრაობამ დაამარცხოს ივანიშვილი მის გარეშე. ერთადერთი რაც მას ამოძრავებს არის ძალაუფლების წყურვილი. ‘საერთოდ არ მინდა თანამდებობა, ‘მხოლოდ 2 წელი ვიქნები პრემიერი’ და მსგავსი განცხადებები არის იაფფასიანი ბლეფი, რომელსაც მის პარტიაშიც კი არავინ ჭამს.

3. ოპოზიციური პარტიების, მათ შორის ნაციონალური მოძრაობის, პასუხისმგებლობაა დღეს რომ ერთის მხრივ, ივანიშვილის მმართველობა დავასრულოთ და მეორეს მხრივ, არ დავუშვათ ძალაუფლების ისევ პრეზიდენტ სააკაშვილის (ან ვინმე სხვის) ხელში კონცენტრაცია. ესაა დღეს მოქალაქეთა უმრავლესობის დაკვეთა, იმათი დაკვეთა ვინც პროპორციულ არჩევნებს ითხოვდა თვეების განმავლობაში რუსთაველზე. რთული ამოცანაა, მაგრამ არა შეუსრულებელი. ამისთვისაა საჭირო სისტემის ფუნდამენტური ცვლილება, რაზეც ვთანხმდებით პარტიები და რაც შეუძლებელს გახდის ერთპიროვნულ მმართველობას და ამას უნდა ვუხსნიდეთ 24 საათი ამომრჩეველს.

4. ესაა ის მოცემულობა, რომელშიც ვოპერირებთ და აქ დასამალი არაფერია. პირიქით, თუ ამ არჩევნების მართლა მოგება გვინდა და მართლა ვაპირებთ ამ ქვეყნის ფუნდამენტურად შეცვლას (გირჩს ეს უნდა, სხვა არაფერი), მაშინ სიმართლის ხმამაღლა ლაპარაკი არის ერთადერთი სწორი გზა”,  – წერს ზურაბ გირჩი ჯაფარიძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად