ზურაბ დათუნაშვილი: „მე შეიძლება დამიძახოთ ზორან ზურაბ დათუნაშვილიჩი”

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე 87 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი სერბმა ზურაბ დათუნაშვილმა მოიპოვა

ზურაბ დათუნაშვილმა პირველი შეხვედრა რიოს ოლიმპიური თამაშების მე-2 პრიზიორ, ორგზის მსოფლიო და სამგზის ევროპის ჩემპიონ, უკრაინის პრეზიდენტ პრეზიდენტ ვოლოდომირ ზელენსკის პარტია „ხალხის მსახურის” რადას დეპუტატ ჟან ბელენიუკთან 1:3 წააგო. ამ უკანასკნელის ფინალში გასვლის შემდეგ (ჟან ბელენიუკმა ფინალში გაიმარჯვა და ოლიმპიური ჩემპიონი გახდა) დათუნაშვილმა რეპეშაჟში გადაინაცვლა, ალჟირელი ბაჩირ სიდ აზარა 5:1, ხორვატი ივან ჰუკლეკი კი 6:1 დამარცხა და ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

სერბეთის პრესა ზურაბ დათუნაშვილის გამარჯვებას დაუყოვნებლივ გამოეხმაურა.

„ქართული წარმოშობის სერბი მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი მადლობას უხდის ჩვენ ქვეყანას მის მიერ ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე 87 კგ წონით კატეგორიაში მოპოვებული ბრინჯაოს მედლისთვის”, – წერს პორტალი nova.rs

sportske. net აღნიშნავს, რომ დათუნაშვილის მიერ მოპოვებული მედალი ტოკიოში სერბეთის მიერ მოპოვებული მეექვსე მედალია (სერბეთს ტოკიოში 1 ოქროს, 1 ვერცხლის და 4 ბრინჯაოს მედალი აქვს მოპოვებული -„აიპრესი”) და სერბეთის ოლიმპიური კომიტეტზე დაყრდნობით ზურაბ დათუნაშვილს ციტირებს:

„მე ძალიან ბედნიერი ვარ მოგებული მედლით. ეს ჩემი მიზანი იყო ტოკიოში. ამ წარმატებას მე ვუმადლი ყველა იმ ადამიანს სერბეთიდან, ვისაც ჩემი სჯეროდა. მადლობა, სერბეთო!”

„კმაყოფილი ვარ, მაგრამ უკეთესი შედეგის იმედი მქონდა. ჩემი გეგმები შეიცვალა და ბრინჯაოს მედლისთვის მომიწია ბრძოლა. ვისარგებლე მოცემული შესაძლებლობით და მოვიგე მედალი (გულისხმობს ბელენიუკის ფინალში გასვლის გამო ბრინჯაოს მედლის მოსაპოვებლად მის რეპეშაჟში მოასპარეზეთა შორის მოხვედრას – „აიპრესი”). მე ამ მოჭიდავეს ადრე შევხვდი და წავაგე. ამჯერად რევანში ავიღე და ამიტომ ვარ კმაყოფილი”, – განაცხადა, პორტალი rtv. rs-ის თქმით, ზურაბ დათუნაშვილმა ტოკიოში, სერბ რეპორტოირებთან საუბარის დროს.

პორტალი აღნიშნავს, რომ ზურაბ დათუნაშვილმა თავს ზორან ზურაბ დათუნაშვილიჩი უწოდა („მე შეიძლება დამიძახოთ ზორან ზურაბ დათუნაშვილიჩი”) და „Živela Srbija!” (გაუმარჯოს სერბეთს! – „აიპრესი”) წამოიძახა.

სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა ოლიმპიური მედლის მოპოვება ზურაბ დათუნაშვილს ინსტაგრამზე მიულოცა:

„ძვირფასო ზურაბ! ვულოცავთ სერბეთის ოლიმპიურ ნაკრებს კიდევ ერთ მედალს! თქვენ დაგვანახეთ, რომ ნამდვილი მებრძოლი არასდროს ნებდება. მადლობა თქვენ თქვენი განსაკუთრებული ენერგიულობისა და ჟინისთვის! ბრავო, ზურაბ!”

 

შეგახსენებთ, რომ 2012 წლის ლონდონის და 2016 წლის წიოს ოლიმპიური თამაშების მონაწილე და 2016 და 2017 წლების ევროპის ჩემპიონი ზურაბ დათუნაშვილი 2020 წლის ბოლოს, საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ გეგეშიძესთან მწვავე დაპირისპირების გამო და ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანების პრეზიდენტ, სერბ ნენად ლალოვიჩის ხელშეწყობით სერბეთში გადავიდა და 2014 წლის აპრილში, ვარშავაში, ევროპის ჩემპიონატი მოიგო, მაისის დასაწყისში კი, სოფიის სალიცენზიო ტურნირის ნახვარფინალში, რიოს ოლიმპიური თამაშების ოქროსმედალოსან, რუს დავით ჩაკვეტაძეს სძლია და ფინალში გასვლით ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვა.

კომენტარები
იტვირთება...