“ზურა ადეიშვილი იყო ერთ-ერთი საუკეთესო ექსპერტი ადამიანის უფლებებში”

ზურაბ ადეიშვილი იყო ერთ-ერთი საუკეთესო ექსპერტი ადამიანის უფლებებში, ძალიან კარგი და საინტერესო წიგნების ავტორი",-ამის შესახებ ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა "აიპრესთან" საუბრისას განაცხადა.

როგორც სუბარმა ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების საქმიანობის კომენტირებისას აღნიშნა, ისინი "კრიმინალებად მიხეილ სააკაშვილმა აქცია".

"სააკაშვილმა შექმნა სახელმწიფო ტერორისტული ორგანიზაცია, ამ ტერორიზმში ვგულისხმობ არა მხოლოდ ქუჩაში მკვლელობებს, აფეთქებებს, არამედ ხალხის დაშინების მანქანას. ტელევიზიიდან, რადიოდან, მკაცრი სისხლის სამართლებრივი პოლიტიკიდან, სასამართლოს პრაქტიკული გაუქმებიდან, ეს ყველაფერი იყო ტერორი საკუთარი მოსახლეობის დასაშინებლად, როდესაც 400%-ით გაიზარდა ციხეებში პატიმართა რაოდენობა 6 წლის განმავლობაში, მსგავსი რამ მსოფლიო ისტორიას არ ახსოვს. თან როდესაც ყველამ იცოდა, რომ ციხეებში მოხვედრა ნიშნავდა ღირსების შელახვას, დამცირებას. ამ რეჟიმს ქმნიდნენ ადეიშვილი, მერაბიშვილი, ბაჩო ახალაია, უამრავი სხვა ადამიანი.

ახლა ბაჩო ახალაია და სხვა ადამიანების უმრავლესობა შეიძლება ყოფილიყვნენ კარგი მოქალაქეები. ზურაბ ადეიშვილი იყო ერთ-ერთი საუკეთესო ექსპერტი ადამიანის უფლებებში, ძალიან კარგი და საინტერესო წიგნების ავტორი. კოტე კუბლაშვილი იყო ადამიანის უფლებების ექსპერტი და რამდენიმე წიგნის ავტორი, რომელიც სამაგიდო წიგნებად ითვლებოდა. ბაჩო ახალაია და უამრავი ახალგაზრდა, აკაკი მინაშვილი, ჩიორა თაქთაქიშვილი, სტუდენტური მოძრაობის აქტივისტები და იბრძოდნენ იმისთვის, რომ სტუდენტური თვითმმართველობა ყოფილიყო უფრო ძლიერი.

ესენი იყვნენ ადამიანები, რომლებიც შეიძლებოდა ჩამდგარიყვნენ სახელმწიფო სამსახურში, ზოგს წარმატებულად, ზოგს წარუმატებლად მაგრამ კრიმინალებად არ გამოსულიყვნენ რაა, სააკაშვილმა ყველა ესენი აქცია კრიმინალებად. ბევრს არ აღმოაჩნდა ძალა, რომ წინააღმდეგობა გაეწია ამ ზეწოლისთვის, ამ მოთხოვნისთვის, რომელიც მოდიოდა სააკაშვილისგან. გახდნენ რეჟიმის მსახურები…",-განაცხადა სუბარმა "აიპრესთან" ინტერვიუში.  

ინტერვიუს სრული ვერსია: "დინების წინააღმდეგ მიხდებოდა სვლა და წამოვედი" – ინტერვიუ სოზარ სუბართან  

კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად