ზუგდიდში სკრინინგ ცენტრი გაიხსნა

ზუგდიდში სკრინინგ ცენტრი ოფიციალურად გაიხსნა. სკრინინგ ცენტრი ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში პეტრ მიკისკამ, ჩეხეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე რადეკ პოლიცარმა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნინო ვიბლიანმა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ და პროექტის განმახორციელებელი ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის წარმომადგენლებმა გახსნეს.

როგორც გახსნის ცერემონიალზე გიორგი შენგელიამ აღნიშნა, ,,სკრინინგ ცენტრის გახსნა ზუგდიდში ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან დაავადების დროული გამოვლენა წარმატებული მკურნალობის საწინდარია. დღეიდან ჩვენი რეგიონის მაცხოვრებლებს მიეცემათ შესაძლებლობა ადგილზე ჩაიტარონ მნიშვნელოვანი გამოკვლევები“.

ზუგდიდის სკრინინგ ცენტრი აშენდა და აღიჭურვა ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის (CCRG) მიერ პროექტის ,,ზუგდიდში სკრინინგ ცენტრის დაფუძნება და პოპულარიზება“ ფარგლებში, ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერითა და სლოვაკეთის საერთაშორისო განვითარების სფეროში თანამშრომლობის სააგენტოს კონტრიბუციით.

პროექტი მიზნად ისახავს სკრინინგის ეროვნულ პროგრამებზე (ძუძუს, საშვილოსნოს ყელის და სწორი ნაწლავის) ხელმისაწვდომობის გაზრდას და ონკოლოგიური დაავადებების დროული გამოვლენის ხელშეწყობას სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში.

ღონისძიებაზე ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასმა, ზუგდიდის სკრინინგ ცენტრი, ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციას “ონკოპრევენციის ცენტრი“ოფიციალურად გადასცა.

დღესვე, ჩეხეთის განვითარების სააგენტოსა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს შორის ორმხრივი მემორანდუმი გაფორმდა რეგიონში კიბოს სკრინინგის ეროვნული პროგრამების განხორციელების მხარდაჭერის ნიშნად. ამ ღონისძიებით მხარეები, ასევე შეურთდნენ ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიას “ვარდისფერი ოქტომბერი“ რომელიც 1997 წლიდან აღინიშნება.

სკრინიგ ცენტრში 40-დან 70 წლამდე მოქალაქეებისთვის გამოკვლევა უფასოა. ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად