ზუგდიდში ქებურიასა და კარტოზიას ქუჩის მაცხოვრებლებმა საპროტესტო აქცია გამართეს

ზუგდიდში ქებურიასა და კარტოზიას ქუჩის მაცხოვრებლებმა საპროტესტო აქცია გამართეს, ადგილობრივები ორი წლის წინ, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოების შედეგად დაზიანებული გზის რეაბილიტაციას ითხოვენ.

მათი განცხადებით, ქუჩაში გადაადგილება მანქანით შეუძლებელია, არის გაუსაძლისი მტვერი და სახლის ფანჯრების გაღებას ვერ ახერხებენ. ისინი დახმარებისთვის, ადგილობრივ მერიას მიმართავენ.

„ჩვენ ვითხოვთ გზის მოასფალტებას. წლების წინ მოსახლეობამ საკუთარი ხარჯებით დააგო ასფალტი, მაგრამ როდესაც დაიწყო გაზიფიცირება, წყლის შემოყვანა, კანალიზაციის მოწესრიგება – გადაითხარა ეს ქუჩები, მაგის შემდეგ გახდა აუტანელი აქ გადაადგილება. გვაწუხებს მტვერი, ფანჯრებს ვერ ვაღებთ. მივმართავთ მერიას, შესაბამის სამსახურებს, რომ მოგვაქციონ ყურადღება“,- განაცხადა აქციის მონაწილე კესო ჭანტურიამ.

ზუგდიდის მერის გიორგი შენგელიას განცხადებით, ადგილობრივების პრობლემის შესახებ მერიაში ინფორმირებულები არიან. ზუგდიდის მერის განმარტებით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით გზების რეაბილიტაცია ეტაპობრივად მიმდინარეობს და წლის ბოლომდე 60 ქუჩა იქნება რეაბილიტირებული.

„მესმის მოსახლეობის გულისწყრომა. მათ აქვთ სურვილი გაუმჯობესდეს ინფრასტუქტურა, თუმცა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ამ ეტაპზე, 10-მდე გზის მშენებლობა მიმდინარეობს. წლის ბოლომდე ჯამში 60-მდე გზის სრული რეაბილიტაცია განხორციელდება. ამის ფონზე, მოსახლეობის პროტესტი, რომ მათი ქუჩების რეაბილიტაცია არ ხორციელდება ლეგიტიმურია, თუმცა ყველას მინდა ვუთხრა, რომ ეტაპობრივად ხორციელდება ეს პროცესი, რაც მოიცავს ყველა გზის სრულ რეაბილიტაციას“, – განაცხადა გიორგი შენგელიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად