ზუგდიდში ნაპოვნ ჩვილს მინდობით აღმზრდელ მშობელს გადასცემენ

სოციალური სამსახურის იურისტის უტა მიქაძის განცხადებით, ორი დღის წინ ზუგდიდში ნაპოვნ მიტოვებულ ჩვილს, რომელიც ამჟამად ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადის მკურნალობას, საავადმყოფოდან გამოყვანის შემდეგ დროებით მინდობით აღმზრდელ მშობელს გადასცემენ. 

მისივე თქმით, სოციალურ სამსახურს ახალშობილი ბიჭის შესახებ საავადმყოფოს ადმინისტრაციამ შეატყობინა, რის შემდეგაც ახალშობილი სოციალურმა მუშაკმა მოინახულა. 

"პოლიციას ბავშვის ბიოლოგიური მშობლების დასადგენად უკვე მივმართეთ, თუ კანონით დადგენილ ვადაში, 6 კვირის განმავლობაში მშობლების ვინაობა ვერ დადგინდა, უკვე სასამართლოს მივმართავთ, რომ ახალშობილს მიტოვებულის სტატუსი მიენიჭოს. სტატუსის მინიჭების შემდეგ კი გაშვილების პროცედურები დაიწყება“, – განმარტა მიქაძემ.

მიტოვებული ჩვილი ზუგდიდში ჭავჭავაძის ქუჩაზე ორი დღის წინ იპოვეს. თვითმხილველების ინფორმაციით, ის პოლიეთილენის პარკში იყო და სახლის ჭიშკარზე ეკიდა. შს სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სს კოდექსის 127-ე მუხლით მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად