ზუგდიდში ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდის აკრძალვის მოთხოვნით, ხელმოწერების შეგროვება დაიწყო

ზუგდიდში საინიციტიავო ჯგუფმა” ერთიანი და ზნეობრივი საქართველოსთვის” ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდის აკრძალვის მოთხოვნით, ხელმოწერების შეგროვება დაიწყო.

საინიციატივო ჯგუფის ” ერთიანი და ზნეობრივი საქართველოსთვის” წარმომადგენელმა, გურამ ფალავანდიშვილმა და საინიციატივო ჯგუფის სხვა წევრებმა, ზუგდიდში, ივერიის ღვთისმშობლის ხატის მშენებარე საკათედრო ტაძარში წირვის შემდეგ ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს.

გურამ ფალავანდიშვილის თქმით, მათ მიიღეს უფლება, არა მარტო ტაძარში, არამედ სხვა ადგილებშიც, მაგალითად მეტროებთან, ხელმოწერების ყუთები დადგან.

“გროვდება ხელმოწერები, რათა ჰომოსექსუალური გარყვნილების პროპაგანდა აიკრძალოს, მარშები, ტელევიზიებში, ტოკშოუებში, განათლების სისტემაში. ეს არის ერის და ბერის მოთხოვნა. ჩვენ გვინდა, ეს ხმა საქართველოს მთავრობას მივაწვდინოთ. სავარაუდოდ, 1 ოქტომბრამდე მთელ საქართველოში შევაგროვებთ ხელმოწერებს, რაც შეიძლება მეტს და შემდგომ ერთ თვეს მივცემთ, დაველოდებით პასუხს. თუ პასუხი არ იქნა, 1 ნოემბრიდან რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციას ვგეგმავთ, რათა ეს საბოლოოდ მიიღონ”,- განაცხადა გურამ ფალავანდიშვილმა.

ზუგდიდისა და ცაიშის, გერმანიისა და ავსტრიის მიტროპოლიტმა გერასიმემ დღევანდელი წირვის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ის ხელმოწერების შეგროვების თაობაზე საქმის კურსში არ იყო. გურამ ფალავანდიშვილმა მეუფე გერასიმეს ხელმოწერების შესახებ წირვის შემდეგ მიაწოდა ინფორმაცია.
“დღეს ჩვენი ეპარქიის სამღვდელოება, მორწმუნე ერი შეიკრიბა, რათა ვილოცოთ ჩვენს ქვეყანაში მშვიდობისათვის. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვის. მოგეხსენებათ, რომ ამ ბოლო დროს განვითარდა მოვლენები, რომლებიც გარეთ თუ შიგნით, ძალიან აღელვებს საზოგადოებას და ჩვენ დღეს ჩავატარეთ წირვა-ლოცვა. უფალს შევევედროთ, რომ მშვიდობა იყოს უპირველეს ყოვლისა საქართველოში და კეთილდღეობა. ეს ყველაფერი მოხდება ერთსულოვნებით, როდესაც ერი და ბერი შეიკრიბება, როდესაც ერი და ბერი ერთად დადგება ღვთის წინაშე. ჩვენც ასეთი ფორმით გადავწყვიტეთ, რომ უფალს შევევედროთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, მშვიდობის დამკვიდრება და სიყვარული უფლისა და მოყვასის. რაც შეეხება ხელმოწერების შეგროვებას, არ ვიცი რა ხელმოწერები გროვდება”,- განაცხადა მეუფე გერასიმემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...