ზუგდიდში ახალგაზრდული ფორუმი ჩატარდა

ახალგაზრდობის სააგენტო „რეგიონული ახალგაზრდული ფორუმების“ ციკლს აგრძელებს. დღეს შეხვედრა ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში გაიმართა, სადაც სამეგრელო ზემო სვანეთის გაერთიანებული ფორუმი ჩატარდა.

ფორუმების მიზანია „სახელმწიფო ახალგაზრდული სტრატეგია 2025“–ის განხილვა და ამ პროცესში  ახალგაზრდების, ახალგაზრდული ორგანიზაციებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების უშუალოდ ჩართვა.  ფორუმებზე სააგენტო წარადგენს ახალგაზრდული სტრატეგიის დოკუმენტის ამ ეტაპზე შემუშავებულ ვერსიას, რის შემდეგაც ფორუმის მონაწილე ახალგაზრდები თემატურ სამუშაო ჯგუფებში გადანაწილედებიან და რეკომენდაციებს შეიმუშავებენ.

ქვეყნის მასშტაბით ფორუმების დასრულების შემდეგ ახალგაზრდებისგან მიღებული რეკომენდაციები შეჯამდება და

მომზადდება ანგარიში, რომელსაც სააგენტო “სახელმწიფო ახალგაზრდული სტრატეგიის 2025”-ის შემუშავებისას გაითვალისიწინებს.

ღონისძიების დამსწრეებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა მალხაზ თორიამ, ზუგდიდის მერმა გიორგი შენგელიამ და ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელმა რეზო ჩარკვიანმა მიმართეს.

„ახალგაზრდობის სააგენტო, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს რეკომენდაციებზე დაყრდნობით,  სამწლიანი რეფორმის ფარგლებში საქართველოში ქმნის ახაგაზრდული სფეროს ეკოსისტემას. რეფორმის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ახალგაზრდების მონაწილეობრივი პოლიტიკის დანერგვაა და  ფორუმების მიზანიც სწორედ ის არის, რომ ახალგაზრდები მთელი ქვეყნის მასშტაბით უშუალოდ ჩაერთონ იმ სტრატეგიის განსაზღვრაში, რომელიც მათ კეთილდღეობას ეხება“, – განაცხადა რეზო ჩარკვიანმა.

 „სახელმწიფო ახალგაზრდული სტრატეგია 2025“ საქართველოს პარლამენტის მიერ, სააგენტოს ჩართულობით შემუშავებული „2020–2030 წლებისთვის საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკის კონცეფციის“ საფუძველზე იქმნება.

ასევე, სტრატეგიის შემუშავების პროცესში გაეროს სააგენტოების მხარდაჭერით 4 ადგილობრივი, სხვადასხვა თემატური მიმართულებების  ექსპერტია ჩართული.  სტრატეგიის დოკუმენტზე მუშაობა 2020 წლის შემოდგომაზე დასრულდება, მანამდე კი ევროპის საბჭოს ტექნიკური მხარდაჭერის ფარგლებში სექტემბერში საქართველოში ექსპერტთა გუნდი ჩამოვა, რომელიც სტრატეგიის სამუშაო ვერსიას შეაფასებს და სააგენტოსთვის შესაბამის რეკომენდაციებს მოამზადებს.

ღონისძიება სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის მხარდაჭერით,  ასევე ევროკავშირის პროექტის „ტექნიკური მხარდაჭერა შრომის ბაზრის საჭიროებებსა და დასაქმებაზე მორგებული ცოდნა-უნარების განვითარებისთვის“ (TA for Skills4Jobs)   და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ტექნიკური და ფინანსური  მხარდაჭერით იმართება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად