ზუგდიდის ციხის ყოფილი უფროსი ამირან ჯანაშია დააკავეს

ზუგდიდის ციხის ყოფილი უფროსი ამირან ჯანაშია დააკავეს. მას გამოძეიბა იარაღის უკანონო შენახვა ტარებას ედავება. ჯანაშია ფოთის პოლიციის წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული.

არსებული ინფორმაციით, ზუგდიდის ციხის ყოფილი უფროსი იმ დროს დააკავეს, როცა ის თბილისიდან სენაკის მიმართულებით გადაადგილდებოდა.

ადგილზე ოპოზიციის წარმომადგენლები იმყოფებიან და მომხდარს აპროტესტებენ.
მათი თქმით ჯანაშიას იარაღი ჩაუდეს.

„ეს იმ სიბინძურის გაგრძელება არის, რა სიბინძურეც დაანონსა პრემიერ მინისტრად წოდებულმა ღარიბაშვილმა და ამის შემდეგ წავიდა ეს მოქმედებები. პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ხობის პოლიციის ყოფილი უფროსი, ლექსო რაფავა დააკავეს და სახლში, ბავშვის და მეუღლის საწოლის ლეიბიდან ამოუღეს ცეცხლსასროლი ავტომატური იარაღი და ხელყუმბარები. ამ სიბუნძურეზე წავიდნენ. შემდეგ შევიდნენ სამმართველოს ყოფილი უფროსოს, რუსლან შომახიას სახლში. მან წინასწარ იციდა, რომ მასზე იყო რაღაც მოქმედებები, ამიტომ სახლში არ დახვდა. იქ რომ არ დახვდათ გადაიფიქრეს და წაიღეს მისი კუთვნილი სანადირო თოფი. ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომ კიდევ აპირებდნენ თადარიგის ოფიცრების დაკავებას. ყველას მოვუწოდებ ხვალ მოვიდნენ არჩევნებში და მიიღონ მონაწილეობა.

ვაფრთხილებ ყველა იმ პოლიციელს, ვინც ამ სიბინძურეში მიიღო მონაწილეობა, არავის ეს არ შერჩება, ისინი წარსდგებიან მართლმსაჯულების წინაშე იმიტომ , რომ მსგავსი სიბინძურეები ამ ქვეყანაში უნდა მორჩეს“ – განაცხადა თენგიზ გუნავამ.

ამირან ჯანაშიას დაკავებასთან დაკავშირებით “აიპრესი” შსს-ს დაუკავშორდა. თუმცა, უწყებაში არც ადასტურებენ და არც უარყოფენ მისი დაკავების ფაქტს.
შსს-ს ამ ფაქტზე ჯერ-ჯერობით ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია.

განახლება: შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ამირან ჯანაშია სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით დააკავეს, რაც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

კომენტარები
იტვირთება...