ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მკვლელობაში ბრალდებული პოლიციელის საქმის განხილვა დაიწყო

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მკვლელობაში ბრალდებული პოლიციელის, ჭაბუკა ლემონჯავას საქმის არსებითი განხილვა დაიწყო.

პროცესზე მხარეებმა შესავალი სიტყვები წარმოთქვეს.

ბრალდების მხარის მტკიცებით, ლემონჯავამ სამსახურეობრივი უფლებამოსილებას გადააჭარბა, რამაც ერთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

შემთხვევა ფოთში 23 ივლისს მოხდა. პროკურატურის ცნობით, პოლიციელმა მოქალაქეს დაკავებისას ესროლა, როცა ის სწრაფი აპარატის გაქურდვას ცდილობდა.

“არსებობს მტკიცებულებები, აუდიო და ვიდეო ჩანაწერები, მოწმის ჩვენებები, წერილობითი და ექსპერტიზის დასკვნები, რომელიც ჭაბუკა ლემონჯავას ბრალეულობას ამტკიცებს”, – თქვა სასამართლო სხდომაზე პროკურორმა დავით პაპავამ.

რაც შეეხება ბრალდებულის უფლებადამცველს სოსო ჯანაშიას, მას მიაჩნია, რომ მტკიცებულებები რომელიც პროკურატურას გააჩნია, ლემონჯავას უდანაშაულობას ამტკიცებს.

გარდა ამისა, არსებობს ორი პირდაპირი მოწმე, რომელიც ამ ფაქტის უშუალო თვითმხილველია. ადვოკატი მიიჩნევს, რომ ლემონჯავას რამდენიმე თვიანი წინასწარ პატიმრობაში ყოფნა და პროკურატურის პოზიცია სხვა პოლიციელებს მოტივაციას უკარგავს.

” როდესაც პროკურატურა ამბობს, რომ ბრალდებულმა არ გამოიჩინა წინდახედულება, როდესაც ის თავს იცავდა და მოქმედებდა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში, მოტივაციას უკარგავს სხვა თანამშრომლებს. დამნაშავემ ლემონჯავას ბლაგვი საგნით დაზიანება მიაყენა, რის გამოც ის საავადმყოფოში იმყოფებოდა. ამის შესაბამისი სამედიცინო დასკვნაც არსებობს. დამნაშავემ მესამეჯერაც სცადა ჩაერტყა პოლიციელისთვის, რა დროსაც ლემონჯავამ თავდაცვის მიზნით ესროლა მას”, – აღნიშნა ჯანაშიამ.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე მხარეებმა ასევე იმსჯელეს აღმკვეთის შეცვლასთან დაკავშირებით, თუმცა მოსამართლე შოთა ბიჭიამ ბრალდებული პატიმრობაში დატოვა.

“სასამართლოს ჯერ არ დაუწყია საქმეში არსებული მტკიცებულების განხილვა, როდესაც სასამართლოს მიერ არ დაკითხულა არცერთი მოწმე, მიმაჩნია, რომ არ უნდა შეიცვალოს აღმკვეთის ღონისძიება. მნიშვნელოვანია, რომ თითოეული მოწმის ჩვენება იყოს ობიექტური და არ მოხდეს ამ პირებთან ზედმეტი კონტაქტი, რადგან შეძლება მცირე დეტალმაც ზეგავლენა მოახდინოს საქმეზე”, – განმარტა პროცესზე მოსამართლემ.

შემდეგი სხდომა, რომელზეც მოწმეები დაიკითხებიან, 2019 წლის იანვარში გაიმართება. 23 ივლისს მამაკაცს სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვის მცდელობის დროს სამართალდამცავმა, სავარაუდოდ, წინააღმდეგობის გაწევისას ესროლა. მამაკაცს ტყვია თავში ჰქონდა მოხვედრილი. შედეგად, ის ზუგდიდის საავადმყოფოში გარდაიცვალა. პროკურატურამ საქმე სს კოდექსის 333-ე მუხლის 3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით აღძრა, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ძალადობით, ან იარაღის გამოყენებით.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად