ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია გრძელდება

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ, მის პირველ მოადგილე გიგა ფარულავასთან ერთად, ყულიშკარის სკოლაში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.

ყულიშკარის საჯარო სკოლას სრული რეაბილიტაცია უტარდება, რომელშიც წლებია სარემონტო სამუშაოები არ განხორციელებულა. სამუშაოები უკვე დაწყებულია და მოსწავლეები განახლებულ სკოლაში ისწავლიან.

,,საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსთან ერთად, ყულიშკარის საჯარო სკოლის სრულ რეაბილიტაციას ვახორციელებთ, აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვანია იმით, რომ ყულიშკარის სკოლა ავარიულ მდგომარეობაში იყო და წლებია სარემონტო სამუშაოები არ ჩატარებია. სკოლების რეაბილიტაცია რამდენიმე ადმინისტრაციულ ერთეულსა და ქალაქის 2 სკოლაშიც მიმდინარეობს. ასევე საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ ზუგდიდში დაიწყო პროფესიული სასწავლებლის მშენებლობა, რაც ჩვენი ახალგაზრდების პროფესიულ განათლებას შეუწყობს ხელს“, – განაცხადა გიორგი შენგელიამ.

საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ზუგდიდის რამდენიმე სკოლაში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად სამუშაოებს ახორციელებს.

სპორტული დარბაზისა და ფასადის ნაწილის რეაბილიტაცია დაიწყო ზუგდიდის N5 საჯარო სკოლაში.

მალე ხელოვნურსაფარიანი კომბინირებული სპორტული დარბაზი ექნებათ N9 საჯარო სკოლის მოსწავლეებს.

აგრეთვე, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახალ სკოლას აშენებს დარჩელში და ქალაქის N1, N12 და ჯიხაშკარის N2 საჯარო სკოლების სრულ რეაბილიტაციას ახდენს.

რეაბილიტაცია უტარდება მესამე საჯარო სკოლასაც.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად