ზუგდიდიდან “ნაცმოძრაობის” აქციაზე ჩამოსული მიკროავტობუსი ავარიაში მოჰყვა – დაღუპულია 5 ადამიანი

ზუგდიდიდან აქციაზე ჩამოსული მიკროავტობუსი, რომელსაც “ნაცმოძრაობის” მხარდამჭერები თბილისიდან ზუგდიდში მიჰყავდა, გორთან, ავტობანზე ავარიაში მოჰყვა.

გავრცელებული ინფორმაციით გაჩერებულ მიკროავტობუსს ტრაილერი დაეჯახა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით 5 ადამიანია დაღუპული. არიან დაშავებულები, რომლებიც გორის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც “აიპრესს” შსს-ში განუცხადეს მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 -ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

1. ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ნარკოტიკული, ფსიქოტროპული ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ მართვა –

ისჯება ჯარიმით ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

2. ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია, –

ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

3. იგივე ქმედება, ჩადენილი ალკოჰოლის ან ნარკოტიკული/ფსიქოტროპული/ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

4. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რამაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გამოიწვია, –

ისჯება ჯარიმით ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

5. იგივე ქმედება, ჩადენილი ალკოჰოლის ან ნარკოტიკული/ფსიქოტროპული/ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ექვს წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

6. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

7. იგივე ქმედება, ჩადენილი ალკოჰოლის ან ნარკოტიკული/ფსიქოტროპული/ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

8. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ათ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

9. იგივე ქმედება, ჩადენილი ალკოჰოლის ან ნარკოტიკული/ფსიქოტროპული/ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თორმეტ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად