ზოიძე: სააკაშვილის უგუნურმა თამაშმა მისცა რუსეთს საშუალება, საკითხავი გაეხადა, თუ ვინ დაიწყო აგვისტოს ომი

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე სოციალურ ქსელ Facebook-ში რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ გადაღებული ფილმის თაობაზე “ნაციონალური მოძრაობის” კრიტიკას ეხმაურება. როგორც იგი დასძენს, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და მისი გარემოცვის ცეცხლთან უგუნურმა თამაშმა მისცა რუსეთს საშუალება, საკითხავი გაეხადა, თუ ვინ დაიწყო აგვისტოს ომი.

“ნაცმოძრაობის და მისი სატელიტების გააფთრებულმა ფეისბუქ შეტევამ იმედის პროდიუსერებსა და ჟურნალისტებზე ამ არხზე კვირას გასული ფილმის: „ჩვენ მშვიდობით მოვიგებთ სხვის დაწყებულ ომს“ გამო, კიდევ ერთხელ დამარწმუნა რომ ეს დესტრუქციული ძალა არასოდეს არ აღიარებს და არ მოინანიებს საკუთარ დანაშაულებებს ამ ქვეყნის და ხალხის წინაშე, მათ შორის იმ დანაშაულებრივ შეცდომებს (?), რითაც ფაქტობრივად (და სწორედ ეს ფაქტებია მოყვანილი ამ ფილმში) და ნებსით, თუ უნებლიეთ ხელი შეუწყო რუსულ აგრესიას და ჩვენი ქვეყნის 20% ის ოკუპაციას, რომელიც დღემდე გრძელდება და უდიდესი ზიანი მოაქვს საქართველოსათვის.

სწორედ სააკაშვილის და მისი გარემოცვის ქმედებებმა და ცეცხლთან უგუნურმა თამაშმა მისცა რუსეთს საშუალება დღემდე საკითხავი გაეხადა, თუ ვინ დაიწყო რუსეთ-საქართველოს ომი, როდესაც ომი იყო ჩვენს მიწაზე და ამ ომის შედეგად ოკუპირებულია ჩვენი ქვეყნის 20% და შესაბამისად, ასეთი კითხვა საერთოდ არ უნდა არსებობდეს! ნაცვლად იმისა, რომ ომიდან 11 წლის თავზე ჩვენს საზოგადოებას მისცენ საშუალება გაანალიზოს და გაიაზროს ამ ომის შეულამაზებელი ისტორია, რათა ყველამ ერთად შევძლოთ გამოვიტანოთ და მომავლისთვის გავითვალისწინოთ ისტორიის გაკვეთილები და ამის შემდეგ მოვახდინოთ სრული კონსოლიდაცია დეოკუპაციის და სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საქმეში, სააკაშვილი და მისი მიმდევრები დღესაც ცდილობენ ომის თემა გამოიყენონ საზოგადოებაში დაპირისპირების და სიძულვილის დანერგვისათვის.

ფსევდოპატრიოტული აგრესიული რიტორიკით (და ზოგჯერ ბოდვით – მარტო კობი-გუდაური ჩქაროსნული მაგისტრალის პუტინის პროექტად გამოცხადება რად ღირს!) და ქვეყნის მოღალატის იარლიყების მიკერებით, ისინი მასობრივად და ორგანიზებულად „აბულინგებენ“ ნებისმიერ ადამიანს, პოლიტიკურ ჯგუფს თუ მედია საშუალებას, რომელიც გაბედავს და გადაუხვევს 2008 წლის აგვისტოს ომის ისტორიის ნაციონალების მიერ შეკოწიწებულ ვერსიას.

საქართველოს თითოეული მოქალაქისათვის ესოდენ მგრძნობიარე 2008 წლის ომის და ოკუპაციის თემის ბინძური პოლიტიკური მიზნებისათვის გამოყენებით და საზოგადოებაში მუდმივად განხეთქილების შეტანის გზით, ნაციონალური მოძრაობა და მისი სატელიტები კვლავ და კვლავ ოკუპანტი ქვეყნისა და ვლადიმერ პუტინის ინტერესებს უწყობენ ხელს და ზიანს აყენებენ არა ქართული ოცნების ხელისუფლებას, არამედ საქართველოს სახელმწიფოს და მკვეთრად აფერხებენ ჩვენი საზოგადოების შეკავშირებას ამ ქვეყნის გაძლიერების და გაერთიანების ეროვნული ამოცანების გარშემო.

ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ თითოეული ჩვენგანი და არა მხოლოდ პოლიტიკოსები, კარგად გავიაზრებთ საფრთხეს და არ შევყვებით ამ დესტრუქციულ ძალას კიდევ ერთხელ საზოგადოების გახლეჩის იმ საბედისწერო პროცესში, რომელსაც შედეგად მხოლოდ ამ ქვეყნისათვის გამოუსწორებელი ზიანი შეიძლება მოჰყვეს, როგორც სამწუხაროდ არაერთხელ მომხდარა ჩვენს უახლეს ისტორიაში”,-წერს აკაკი ზოიძე სოციალურ ქსელში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...