ზოიძე: აშშ-ს კონგრესის მიერ საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული აქტის მიღების საკითხის განხილვა არის უპრეცედენტო მხარდაჭერა

„თქვენ განსაჯეთ, აშშ-ს კონგრესის მიერ ორპარტიული აქტის მიღება, აპატურაისა და ნატო-ს სხვა მაღალი დონის პირების უმაღლესი შეფასებები და უპრეცედენტო მასშტაბის მაღალი დონის ვიზიტები საქართველოს რადარებიდან გაქრობას ნიშნავს თუ პირიქით – ჩვენი დასავლელი პარტნიორების მტკიცე მხარდაჭერასა და საერთაშორისო დღის წესრიგში ჩვენი ქვეყნის აქტუალურობას“,-აცხადებს აკაკი ზოიძე.

აშშ-ს კონგრესის მიერ საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული აქტის მიღების საკითხს საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, აკაკი ზოიძე ეხმაურება. მისი განცხადებით, აშშ-ს კონგრესის მიერ საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული აქტის მიღების საკითხის განხილვა იმ დროს, როდესაც აშშ-ს პოლიტიკური დღის წესრიგი იმპიჩმენტის შესაძლო დაწყებითა და თურქეთი-სირიის კონფლიქტით არის დაკავებული, არის უპრეცედენტო მხარდაჭერისა და ორ ქვეყანას შორის არსებული მაღალი დონის ურთიერთობების კიდევ ერთი მკაფიო დასტური.

ორპარტიული კანონპროექტი ხაზს უსვამს საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერას და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დამრღვევი პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესების ინიციატივით გამოდის.

კანონპროექტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს აშშ-საქართველოს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას და ამ მიმართულებით სახელმწიფო მდივანს, შესაბამის უწყებებთან ერთად საქართველოსთან თანამშრომლობის მომავალი ხუთი წლის სტრატეგიის წარდგენას ავალებს. კანონპროექტით კონგრესი აშშ-ს სავაჭრო წარმომადგენელს მოუწოდებს გადადგას ქმედითი ნაბიჯები საქართველოსა და აშშ-ს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გასაფორმებლად, მოლაპარაკებების მიმართულებით.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად