ზოიძე: ადამიანებს გაუჩნდეთ შეგრძნება, რომ საჯარო მოხელეები მათ ემსახურებიან და არა პირიქით

„მთავრობის მთავარი ამოცანა დღეს არის იმ ადამიანების შემოტრიალება, რომელთაც სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამო, გარკვეულწილად, იმედი გაუცრუვდათ და თვლიან, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. ერთი წლის თავზე, რაც უნდა შევძლოთ ყველამ ერთად, ეს არის სწორედ ამ რწმენის დაბრუნება, რომ ქვეყანა სწორი გზით მიდის, რომ რაც კეთდება, კეთდება იმისთვის, რომ კეთილდღეობა იქნას მიღწეული, რომ მთავრობა ემსახურება ხალხს და არა პირიქით“,- ამის შესახებ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფრაქციების სხდომაზე განაცხადა, სადაც მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავენ. აკაკი ზოიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხელისუფლების ვერტიკალი უნდა იყოს ისე მოწყობილი, რათა ადამიანებს გაუჩნდეთ შეგრძნება, რომ საჯარო მოხელეები მათ ემსახურებიან და არა პირიქით.

დეპუტატი დაინტერესდა, რა კონკრეტული ნაბიჯები იგეგმება და გადაიდგმება, ერთი წლის განმავლობაში, სიღარიბის შემცირებისთვის და ადამიანთა ცხოვრების დონის გაუმჯობესებისთვის.

კომიტეტის თავმჯდომარის შეფასებით, ერთ წელიწადში ეკონომიკური სასწაულის მოხდენის მოლოდინი არავის აქვს, მაგრამ ამ დროის განმავლობაში, საზოგადოების ყველაზე მოწყვლადმა ნაწილმა კონკრეტული სარგებელი და შეღავათი უნდა იგრძნოს.

„ეს არის ჩემი აზრით, ის მეორე უმთავრესი კრიტერიუმი, რომელიც მომავლის რწმენას დაგვიბრუნებს, რომელიც ლარის კურსზეც კარგად იმოქმედებს, ჩვენი ინვესტორების რწმენაზეც იმოქმედებს და ახალგაზრდობის რწმენაზეც, რომ ამ ქვეყანაში განათლების მიღებას, მუშაობას და ცხოვრებას დიდი აზრი აქვს, საპენსიო რეფორმა წარმატებული იქნება, თუ ქვეყნის მომავალის გვჯერა“,- განაცხადა აკაკი ზოიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...