ჟურნალისტი თეა ადეიშვილი მიხეილ სააკაშვილს: თქვენი ჩამოსვლის შემდეგ, საათმა უფრო სწრაფად დაიწყო ტრიალი (ვიდეო)

დღეს შიმშილობის მე-13 დღეა და ბუნებრივია მიხეილ სააკაშვილის ენერგიები ნელ-ნელა იწურება. ამიტომ ჩვენ ვიჩქარეთ მისთვის კითხვების დასმა, რომ მიგვეღო პასუხები სანამ მიხეილ სააკაშვილს ჯერ კიდევ ამის ძალა აქვს.
ბუნებრივია, კითხვები ბევრია, ის არ ცდილობს სპეკულირებას, არ ცდილობს დეტალურად მოგვიყვეს ამის შესახებ, თუმცა ჩემი კითხვები იყო ამის შესახებაც.
მიხეილ სააკაშვილი ზოგიერთ კითხვას უფრო მოკლედ პასუხობს, ვიდრე თავად ეს კითხვის შინაარსია. – ასე დაიწყო „მთავარი არხის ჟურნალისტმა თეა ადეიშვილმა მსჯავრდებული ექსპრეზიდენტთან წერილობითი ინტერვიუს წარდგენა.

რის შემდეგ ჟურნალისტმა მიხეილ სააკაშვილისთვის რუსთავის №12 ციხეში გაგზავნილი პირადი წერილი წაიკითხა.

„რაც შეეხება წერილს, ის ალბათ საიდუმლო აღარ არის, ციხის საკანში იმდენი კამერაა დამონტაჟებული, ალბათ მას უკვე პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელობა უკვე წაიკითხავდა. ამიტომ, ზედმეტი ინსინუაციების საშუალება რომ არ იყოს და რომ არ მიეცეს ხელისუფლებას, მე წაგიკითხავთ ამ პირად წერილს.
„ვერასდროს წარმოვიდგენდი თუ ოდესმე წერილს მოგწერდით, და თან ციხეში.
გამარჯობა ბატონო პრეზიდენტო, გადავწყვიტე ისე მიშა დაგიძახოთ.
საქართველოში ალბათ იცით, რომ მხოლოდ დიდ მოღვაწეებს მოიხსენიებენ სახელით და ეს ფამილიარობა კი არა, სამუდამო აღიარების და სიყვარულის დადასტურებაა. ჰოდა მიშა, როცა ისტორია ამ პერიოდს შეაფასებს, თქვენი ჩამოსვლის და დაკავების, თქვენი ციხეში ყოფნის და შიმშილობის ეპიზოდი, სევდიანზე მეტად იქნება ამაღელვებელი, გადამწყვეტად ისტორიული და კულმინაციური.
ალბათ გაინტერესებთ რა ხდება გარეთ. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, თქვენი ჩამოსვლის შემდეგ რამდენად უფრო სწრაფად დაიწყო საათმა ტრიალი. სხვა ტემპი და მნიშვნელობა მიეცა ყველაფერს და ეს მხოლოდ ჩემი სუბიექტური აღქმა არ არის.
პოლიტიკური სიმპათიების მიუხედავად უამრავ ადამიანს აქვს იგივე შეგრძნება და სიახლის მოლოდინის დაგუბებული განცდა. თითქოს ყველა ველოდებით რაღაც ძალიან მნიშვნელოვანს, ველოდებით როდის დაბრუნდება ჩვენი ქვეყნის გამარჯვების და წარმატებს დაბრუნების დავიწყებული ემოციები.
მიშა, ყველა ვიდეო რომელიც თქვენი ჩამოსვლიდან გამოქვეყნებულა, მე მგონი მთელმა ქვეყანამ ზეპირად იცის. ბოლოს ტყეში გადაღებული ვიდეო აიტვირთა. საოცრად ემოციური მომეჩვენა, თან ღელავთ და თან ძალიან ბედნიერი ხართ. ეს დისიდენტის კადრებს უფრო ჰგავს. ბევრი წლის შემდეგ, როცა ყველაფერი უფრო ნათელი გახდება და თქვენ ლეგენდარულ დაბრუნებაზე დოკუმენტურ ფილმებს გადაიღებენ, იქ უცილებლად მოხდება წამი, როცა თვალს ხუჭავთ და ამბობთ, რომ ეს არის ბედნიერება. მგონია, რომ ყველაზე გულწრფელი და მართალი ხართ მაგ წუთებში. ზუსტად ვიცი, ისტორიული წუთების თანამონაწილეები ვართ ყველანი.
მთავარი გმირები თქვენ და ჩვენი სამშობლო ხართ და ჩვენც ვართ, მთავარი არხის იდეალისტების გუნდი, რომელიც ასევე არამიწიერი ძალების მქონე ნიკა გვარამიამ შეგვკრიბა და აუღებელ ციხე სიმაგრედ გვაქცია. გისურვებთ წარმატებებს და დიდხანს სიცოცხლეს ჩვენი ქვეყნისთვის.“ – ნათქვამი ჟურნალისტ თეა ადეიშვილის პირად წერილში.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 2012 წლის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს და რუსთავში, №12 ციხეში შეასახლეს.

კომენტარები
იტვირთება...