ჟურნალისტებზე ძალადობაში ბრალდებული: ჩემ მოძღვარს მოვკარი თვალი, მასთან პურის მისატანად მივდიოდი, გამექცა მოტოციკლი

ტრანსპორტმა მიმტყუნა, ვინც მოპედს მართავს, იცის რაზეც ვსაუბრობ, ახალი გადაწყობილი მქონდა მუხრუჭი, ჩემ მოძღვარს მოვკარი თვალი და მასთან პურის მისატანად მივდიოდი, გამექცა მოტოციკლი, გაზიც გაიჭედა, ვიგინებოდი და ვყვიროდი, რადგან მივხვდი, რომ ვეღარ ვაჩერებდი, შევარდნისას რატომღაც ერთ-ერთი ოპერატორი წიხლებით შემომახტა მკერდზე, რადგან ისევ გაზს მივაწექი, იქნებ აიშვას-მეთქი. – ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოში 5 ივლისს ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობისა და პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე ბრალდებულმა ზაზა ჭაავამ განაცხადა.

„არავინ მყავს ნასამართლევი, მრცხვენია, რომ ჩემ მიმართ სასამართლო ტარდება. ჩემს თავს ვაჟკაცად ვთვლი, საქართველოს 4 შვილს ვუზრდი, მათ ვასწავლი რომ წესიერები, ვაჟკაცები გაიზარდონ. 2 ბიჭი მყავს და ვასწავლი, რომ ჯარი მოიხადონ და საქართველოს სადარაჯოზე დადგნენ.

ჩემს მეუღლეს ჟურნალისტიკა აქვს დამთავრებული და ასე თუ ისე შეხება აქვს ამ სფეროსთან, დედა მყავს ავადმყოფი და წამლებს ვაწვდი ყოველდღიურად. მარცხენა ხელი არ მაქვს და ავარიის შედეგად მარჯვენა ფეხი არ მაქვს, ძვლების ნაცვლად რაღაც მიზის. სადაც ჟურნალისტებში შევვარდი ჩემი მიზანი მათი დაზიანება არ იყო. ტრანსპორტმა მიმტყუნა, ვინც მოპედს მართავს, იცის რაზეც ვსაუბრობ, ახალი გადაწყობილი მქონდა მუხრუჭი, ჩემ მოძღვარს მოვკარი თვალი და მასთან პურის მისატანად მივდიოდი, გამექცა მოტოციკლი, გაზიც გაიჭედა, ვიგინებოდი და ვყვიროდი, რადგან მივხვდი, რომ ვეღარ ვაჩერებდი, შევარდნისას რატომღაც ერთ-ერთი ოპერატორი წიხლებით შემომახტა მკერდზე, რადგან ისევ გაზს მივაწექი, იქნებ აიშვას-მეთქი. თუ ეს ხალხი თვლის, რომ მე ვიძალადე ჟურნალისტებზე და ასე მწირავენ, მე მაინც საზოგადოებას ბოდიშს მივუხდი ამისთვის. თუ რომელიმე ჟურნალისტი თვლის, რომ ვიძალადე, ამაზე ვაგებ პასუხს. მე არ ვარ ჟურნალისტების მიმართ აგრესიული. რაც შეეხება ლგბტ მსვლელობას და მათი თანაცხოვრების საქართველოში დაფუძნებას, არ ვემხრობი, ქრისტიანი ვარ”, – განაცხადა ჭაავამ.

შეგახსენებთ, სასამართლომ ტელეკომპანია „რუსთავის 2″-ის, „მთავარი არხის”, გამოცემა – “ტაბულას” და საინფორმაციო სააგენტო „ნიუპოსტის“ წარმომადგენლებზე ფიზიკური ძალადობისა და პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე ბრალდებულებს ზაზა ჭაავას, ზაზა მჭედლიძეს და მურად დევლარიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

ცნობისთის,  სასამართლომ გუშინ ძალადობრივი აქციის დროს ადმინისტრაციული წესით დაკავებულ აკაკი ნაკაშიძეს მოსამართლემ 2 300 ლარიანი ჯარიმა შეუფარდა. ხოლო პაატა გურჩიანს 3-დღიანი პატიმრობა შეეფარდა.

თბილისი პრაიდის“ მიმართ აგრესიულად განწყობილი ჯგუფები თბილისის ცენტრში „ღირსების მარშის“ გამართვის საწინააღმდეგოდ 5 ივლისს დილიდან შეიკრიბნენ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კი მთავრობის სხდომის დაწყების წინ თქვა, რომ პრაიდის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი “ღირსების მარშის” ჩატარებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს. მოგვიანებით “ღირსების მარში” ორგანიზატორებმა გააუქმეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჯამში დაკავებულია 11 პირი. სულ იძალადეს 55 ადამიანზე, რომელთაგან 53 მედიის წარმომადგენელია.

კომენტარები
იტვირთება...