ჟორჟოლიანი: გია ყანჩელმა სამ მარტოხელა მამას სოლიდური თანხა ჩაურიცხა, ამ ამბის საიდუმლოდ შენახვის სანაცვლოდ

ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელ facebook-ზე კომპოზიტორ გია ყანჩელის გარდაცვალებას ეხმაურება და იხსენებს, რომ მან სამ მარტოხელა მამას სოლიდური თანხა ჩაურიცხა, თუმცა ამბის საიდუმლოდ შენახვა ითხოვა.

“ჩემმა მეგობარმა დამირეკა და მითხრა, გია ყანჩელი დაგირეკავსო, ვაახ, როგორი ბედნიერი ვიყავი. წინა დღით, ჩემი გადაცემა უნახავს მარტოხელა მამებზე, მათთან დაკავშირება მთხოვა და სოლიდური თანხა ჩაურიცხა სამ მამას, ამ ამბის საიდუმლოდ შენახვის სანაცვლოდ. შემდეგ კიდევ დამირეკა ერთ გოგოზე. უკვე ვიცოდით, რომ ესეც ჩვენს შორის უნდა დარჩენილიყო. ალბათ, მაპატიებს გენიოსი მისი საიდუმლო რომ გავთქვი.

გენიოსი რომ იყო, ჩვენ კი არა, მსოფლიომ იცის, მაგრამ სწორი მოქალაქე რომ იყო, ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი.

მოვა დრო, ჩემს შვილიშვილებთან თავს მოვიწონებ, რომ გია ყანჩელს ვიცნობდი”,-წერს ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში.

დღეს, ქართველი კომპოზიტორი, საქართველოს სახალხო არტისტი, გია ყანჩელი 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.

გია ყანჩელი 1935 წლის 10 აგვისტოს, თბილისში დაიბადა.

1959 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გეოლოგის სპეციალობით. დიპლომის აღებისთანავე სწავლა გააგრძელა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახ. კონსერვატორიაში საკომპოზიციო ფაკულტეტზე, რომელიც 1963 წელს დაამთავრა. 1972 წლიდან მუშაობდა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში მუსიკალური ნაწილის გამგედ. 1979 წელს იგი საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის მდივანი გახდა.

განსაკუთრებულად აღსანიშნავია მისი სიმფონიური თხზულებები. 1977 წელს შექმნილმა სიმფონიამ „ინ მემორია მიქელანგელო“ მას საერთაშორისო აღიარება მოუტანა.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად