ჟიული შარტავა: ბოლომდე ვიბრძოლებთ, თუ სიკვდილი გვიწერია, არც ესაა დიდი ტრაგედია

დღის 12 საათია. ინტენსიური დაბომბვებისგან ყველაფერი ირყევა. ისვრიან სხვადასხვა ტიპის ნაღმსატყორცნიდან: დასავლეთიდან, ჩრდილოეთიდან, ფუნიკულორიდან, “აიდგილარას” შენობიდან… ბრძოლა ორმოც წუთს გრძელდება. იმ დღეს 27 სექტემბერი იყო და სოხუმი დაეცა…ჟიული შარტავა ბოლო წუთამდე მინისტრთა საბჭოს შენობაში იყო…

სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. ომი 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით დასრულდა. სოხუმის დაცემიდან 25 წელი გავიდა…

აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დროს, 1993 წლის 18 ივლისს, რუსულ და აფხაზურ პოლიტიკურ წრეებში ფართო კავშირების მქონე ჟიული შარტავა ინიშნება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავდაცვის საბჭოსა და მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარედ. აფხაზეთის ომის დროს არ დატოვა სოხუმი, ბოლომდე იცავდა მას სეპარატისტებისაგან. 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, ჟიული შარტავა დახვრიტეს…

რამდენიმე დღით ადრე სატელეფონო საუბარში თავისი განცდები მეგობარს გაუზიარა: „ბოლომდე ვიბრძოლებთ, ვიდრე შეგვიძლია და თუ სიკვდილი გვიწერია, არც ეს უნდა იყოს დიდი ტრაგედია. ისეთი ბიჭები იხოცებიან, ძნელია ამის შემყურემ სიცოცხლეზე იფიქრო. რას იზამ, ბედისწერას ვერ გაექცევი.” – თქვა ჟიული შარტავამ და ბოლომდე, გმირულად იდგა თავისი ქვეყნის სადარაჯოზე.

მოლაპარაკების შემდეგ მისი ცხედარი ქართულ მხარეს გადაეცა. დაკრძალულია თბილისში, ვაკის სასაფლაოზე. მინიჭებული აქვს „დიდგორისა” და „ვახტანგ გორგასლის” პირველი ხარისხის ორდენები, 2004 წელს კი ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად