ჟენევაში 17 ოქტომბრიდან მინიმალური ხელფასი თვეში 3800 ევრო იქნება

ჟენევის კანტონის ამომრჩეველთა 58%-მა ჩათვალა, რომ მინიმალური ხელფასი საათში 23 შვეიცარიული ფრანკი უნდა იყოს.

შვეიცარიაში კანტონები დამოუკიდებლად იღებენ გადაწყვეტილებას მინიმალური ხელფასის ოდენობის დაწესების შესახებ. პროფკავშირების მიერ რეფერნდუმზე გატანილმა საკითხმა მინიმალური ხელფასის გაზრდის შესახებ 2011 და 2014 წლებში ვერ ჰპოვა მხარდაჭერა, ამჯერად კი ამომრჩეველთა 58%-მა დაუჭირა მხარი მინიმალური საათობრივი ანაზღაურების 23 შვეიცარიულ ფრანკამდე გაზრდას.
 
პროფკავშირების აზრით, ჟენევაში ღირსეულად ცხოვრებისთვის აუცილებელი შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობა საათში 23 შვეიცარიული ფრანკი კვირაში 41 საათით დასაქმებულთათვის თვეში 4086 შვეიცარიულ ფრანკს (~3800 ევრო) შეადგენს.
 
გადაწყვეტილება ძალაში 17 ოქტომბრიდან შედის და შეეხება 30000 კაცს, კანტონის აქტიური მოსახლეობის 10%-ს.
 
აღსანიშნავია, რომ მინიმალური ხელფასი ჟენევაში (3800 ევრო ბრუტო ანუ 3000 ევრო ნეტო) ბევრად აღემატება მინიმალურ ხელფასს სხვა ლიდერ ქვეყნებში, კერძოდ, ლუქსემბურგში (2140 ევრო ბრუტო), ავსტრალიაში (1950 ევრო ბრუტო), ნიდერლანდებში (1680 ევრო ბრუტო), გერმანიაში (1660 ევრო ბრუტო), მაგრამ, ვთქვათ, გერმანიასთან შედარებით, შვეიცარიაში ორჯერ ძვირია პური, კვერცხი, რძე, ყველი, ლუდი და მთელი რიგი სხვა პროდუქტები. გარდა ამისა, გერმანიისგან განსხვავებით, შვეიცარიაში სამედიცინო დაზღვევისთვის სუბსიდირება არაა გათვალისწინებული, ექიმთან ვიზიტის დროს და წამლების ყიდვის შემთხვევაში დიდია პირადი გადასახადის ოდენობა, 40 კვადრატული მეტრი ბინის ფასი 530 ათას ევროს, ქირავნობის შემთხვევაში გადასახდელი თანხა კი თვეში 1800-2000 ევროს აღწევს და სხვა. ჟენევის კანტონი ძლიერ არის დამოკიდებული ტურიზმზე, კერძოდ, საქმიან და დიპლომატიურ ტურიზმზე და covid19-თან დაკავშირებულმა კრიზისმა იგი სხვა კანტონებზე მეტად დააზარალა. ჟენევის კანტონში სულ უფრო და უფრო მეტი ოჯახი შეიმჩნევა რიგში ქუჩაში საჭმლის დარიგების დროს.
 
საქართველოში მინიმალური ხელფასის ოდენობა (20 ლარი) დადგენილია პრეზიდენტის 1999 წლის 4 ივნისის ბრძანებულებით, ხოლო მინიმალურ ხელფასთან დაკავშირებული სანქციების, ჯარიმებისა და სამართალდარღვევებისათვის გათვალისწინებული სხვა გადასახდელებისათვის შრომის ანაზღაურების მინიმალურ ოდენობად, პრეზიდენტის 2006 წლის 26 დეკემბრის ბრძანებულებით, განსაზღვრულია 40 ლარი.
 

საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდან ამ ბოლო პერიოდში მინიმალური ხელფასის ოდენობაზე იმსჯელა და მის 1 სექტემბრიდან 5000 გრივნამდე (~150 ევრო) ხოლო 2021 წლის 1 იანვრიდან 6000 გრივნამდე (~180 ევრო) გაზრდის შესახებ მიიღო დადგენილება უკრაინის რადამ

https://ipress.ge/new/ukrainashi-minimaluri-khelphasis-odenoba-5000-grivnamde-gaizarda/

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად