ჟან-ივ ლე დრიანი: ჩემი ვიზიტი საქართველო-საფრანგეთს შორის ურთიერთობას უფრო გააძლიერებს

საქართველოში პირველად, ოფიციალური ვიზიტით საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი ჟან-ივ ლე დრიანი იმყოფება. თავდაცვის სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და ფრანგმა კოლეგამ ჟან-ივ ლე დრიანმა პრესკონფერენცია გამართეს. 

„საქართველო და საფრანგეთი ერთმანეთთან მჭიდროდ თანამშრომლობენ. ყოველთვის ვცდილობდით, მხარი დაგვეჭირა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის. აპრილის ბოლოს საქართველოს პრეზიდენტი სტუმრობდა საფრანგეთს, ორი წლის წინ კი პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი იმყოფებოდა საქართველოში. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ფრანგი თავდაცვის მინისტრი პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება თქვენს უწყებაში, რაც მნიშვნელოვანია,“ – განაცხადა ჟან-ივ ლე დრიანმა.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი საჩხერის სამთო მომზადების სკოლის 10 წლის იუბილის აღნიშვნაა. როგორც მან განაცხადა, სამთო სკოლა ორმხრივი თანამშრომლობის წარმატებული მაგალითია, რომელიც მომავალშიც გაგრძელდება.

„ჩემი ვიზიტის მეორე მიზეზი არის ის, რომ კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი საჰაერო თავდაცვის სფეროში ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობას, თქვენი აღჭურვილობის ტრანსფორმაციასა და ადაპტირებას. ჩვენ შევადგინეთ დღის წესრიგი, რომლის მიხედვითაც ვიმოქმედებთ. საჰაერო თავდაცვა ის სფეროა, რომელიც მნიშვნელოვანია ქვეყნის სუვერენიტეტის დასაცავად,“ – აღნიშნა საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა და ქართველ კოლეგას მადლობა გადაუხადა სამშვიდობო მისიებში ქართველი სამხედროების მონაწილეობისთვის:

„ქართულმა სამხედრო კონტინგენტმა უკვე მიიღო მონაწილეობა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროპული ძალების (EUFOR RCA) მისიაში. შესაძლებლობა მქონდა ბანგის აეროპორტში ქართველ სამხედროებს შევხვედროდი, რომლებიც უსაფრთხოებას ადგილზე უზრუნველყოფდნენ. გადავდივართ ახალ ფაზაში, რომელიც მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის არმიის ჩამოყალიბებას და ქვეყანაში დემოკრატიის დამყარებას. ახალი ევროპული მისია – ევროკავშირის საწვრთნელი მისია ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში (EUTM RCA) ასოცირებას რამდენიმე დღეში მიიღებს. მივესალმები კოლექტიურ ოპერაციებში მონაწილეობისთვის თქვენს მზაობას, რომლის ერთ-ერთი მაგალითიცაა "მტკიცე მხარდაჭერის" მისია ავღანეთში.“

ჟან-ივ ლე დრიანის განცხადებით, საუბარი შეეხო მსოფლიოში არსებულ სხვადასხვა კონფლიქტებსაც და შავი ზღვის აუზში საფრანგეთის წარმომადგენლობის გაძლიერებას.

„ბათუმის პორტში, ოქტომბერში ფრანგული გემის შემოსვლა იგეგმება. ესეც ჩვენი თანამშრომლობის ერთ-ერთი სიმბოლოა. საქართველოსა და საფრანგეთს შორის თანამშრომლობა ძალიან მჭიდრო, სანდო და კონსტრუქციულია. ჩემი ვიზიტი კიდევ უფრო გააძლიერებს ქვეყნებს შორის ურთიერთობას,“ – განაცხადა საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა.

ქართველი ჟურნალისტის შეკითხვაზე, რომელიც საქართველოსა და საფრანგეთს შორის გაფორმებულ საჰაერო თავდაცვის ხელშეკრულებას ეხებოდა, ჟან-ივ ლე დრიანმა აღნიშნა, რომ საჰაერო თავდაცვა ქვეყნის უსაფრთხოების მნიშვნელოვანი ელემენტია: „არსებითი პაკეტის ფარგლებში საფრანგეთმა საქართველოსთან საჰაერო თავდაცვის მიმართულებით თანამშრომლობა იტვირთვა, რომელიც სუვერენულობის წამყვანი ელემენტია. ამ თვალსაზრისით, ჩვენ სწრაფად ვიმოქმედეთ, რათა საქართველოს, როგორც სუვერენულ სახელმწიფოს ეფექტური საშუალებები ჰქონოდა საჰაერო სუვერენულობის კუთხით. მე ზუსტად ახლა ვუთხარი მინისტრს, რომ ამ ფორმატში ჩვენ საჰაერო არმიის ოფიცერი მოვავლინეთ, რომელსაც დაევალება, აამოქმედოს და განახორციელოს ყველა ის რეკომენდაცია, რაც საჭიროა თავდაცვის აღნიშნული საშუალების კონკრეტული გამოყენებისთვის.“

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად