“ზღვა ყველასია”- ბათუმის სანაპიროზე შშმ პირები დამოუკიდებლად ბანაობას შეძლებენ (ფოტორეპორტაჟი)

“ზღვა ყველასია” – დევიზით ბათუმის სანაპიროზე ინკლუზიური საზღვაო ინფრასტრუქტურა მოეწყო. პროექტის საზეიმო გახსნას საზოგადოებრივი ორგანიზაცია – „კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“, ორგანიზაცია „ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის“ და მთავრობის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ბათუმის ბულვარის სანაპიროზე რესტორან „ძველი გემი“-ს მოპირდაპირე მხარეს ერთი ლოკაცია სრულად გახდა ადაპტირებული და საპლაჟო ინფრასტრუქტურა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებებს მოერგო.

წელს, პირველად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები ზღვაში დამოუკიდებლად შეძლებენ შესვლას. ბათუმის ბულვარმა ეტლით მოსარგებლე პირებისთვის ზღვაში შესასვლელი ხუთი საცურაო ტივტივა ეტლის შეძენაზე იზრუნა.

ტივტივა ეტლით სარგებლობა მომხმარებლებისთვის უფასო იქნება. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა შესაბამისი ინფრასტრუქტურა პრაქტიკაში გამოსცადეს:

“ძალიან კომფორტულია, ზღვა ყველასია და ეს ნამმდვილად ვიგრძენი. დიდი მადლობა ყველას, ვინც ამ პროექტის ინიციატორი იყო, ძალიან ბედნიერი ვარ. ძალიან დამთრგუნველი იყო ჩემთვის, როდესაც შორიდან ვუყურებდი სხვები როგორ ბანაობდნენ და მე ვერ ვახერხებდი, დღეს კი ძალიან ბედნიერი ვარ, ემოციების გამოსახატად შესაბამის სიტყვებს ვერ ვპოულობ”,- განაცხადა თეა კაკაბაძემ.

2019 წლის ადაპტირებული ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, სანაპირო ზოლზე მოეწყო ადაპტირებული ბილიკი, საშხაპე- გამოსაცვლელი და საზოგადოებრივი საპირფარეშო. თანამედროვე მულტი-ფუნქციური ადაპტირებული საპირფარეშო აღჭურვილია ულტრათანამედროვე თვითმწმენდი ტექნოლოგიებით, სადაც განთავსებული არის ანტიბაქტერიული ბავშვთა გამოსაცვლელი კუთხე და ანტივანდალური ინვენტარი. დამატებით, ბათუმის ბულვარში სანაპირო ზოლის გასწვრივ სამ ლოკაციაზე, ექვსი საზოგადოებრივი დანიშნულების საპირფარეშო იფუნქციონირებს.


აღნიშნული პროექტი საქართველოში პირველად ხორციელდება, რომელიც ინკლუზიური ტურიზმის განვითარებასა და შშმ პირთა თანაბარ ხელმისაწვდომობას ემსახურება. ადაპტირებულ ინფრასტრუქტურულ პროექტს “ბათუმის ბულვარი“ ახორციელებს. პროეექტის ღირებულებამ 69 000 ლარი შეადგინა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...