ზელენსკის პრესსპიკერი: ამ ეტაპზე სააკაშვილისთვის შესათავაზებელი არცერთი პოზიცია არ განიხილება

უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმირ ზელენსკის პრესსპიკერის იულია მენდელის ცნობით, ამ ეტაპზე მიხეილ სააკაშვილისთვის რაიმე თანამდებობის მინიჭების შესახებ არანაირი ოფიციალური მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს. როგორც მან ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა, ამჟამად მისთვის შესათავაზებელი არცერთი პოზიცია არ განიხილება.

“პრეზიდენტმა ზელენსკიმ აღადგინა სამართლიანობა და მიხეილ სააკაშვილს მოქალაქეობა დაუბრუნა. კიევში დაბრუნება სააკაშვილის გადაწყვეტილება იყო. ამ დროისთვის უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია მიხეილ სააკაშვილისთვის შესათავაზებლად არცერთ ოფიციალურ პოზიციას არ განიხილავს.

ზელენსკის ადმინისტრაცია ღიაა, გამჭვირვალე და მზად ვართ ყველას მოვუსმინოთ. მზად ვართ, მოვისმინოთ სხვადასახვა პოლიტიკური ძალების, მრჩევლების იდეები და ინიციატივები. თუ მიხეილ სააკაშვილს სურს, რაიმე სახის რჩევები მიაწოდოს პრეზიდენტ ზელენსკის, ადმინსტრაცია ამისთვის ღიაა, მაგრამ ამ ეტაპზე მიხეილ სააკაშვილთან მოლაპარაკება არ მიმდინარეობს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ არ განიხლება მისთვის შესათავაზებელი არცერთი პოზიცია.

სააკაშვილსა და ზელენსკის შორის შემდგარი არშესაძლო შეხვედრის თაობაზე ინფორმაცია არ მაქვს. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ექსრადიციას, ახალი ადმინისტრაციის მიზანი იყო სამართლიანობის აღდგენა და ამიტომ დაუბრუნა მას მოქალაქეობა. სხვა საკითხები სამართალდამცველმა ორგანოებმა უნდა გადაწყვიტონ”,-აცხადებს ზელენსკის პრესსპიკერი.

 

 

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...