ზელენსკი: თუ დონბასში ომს ვერ დავამთავრებ, მაშინ ჩემ ადგილას სხვა უნდა მოვიდეს

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ, BBC HARDtalk პროგრამისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ იგი არ ეკიდება რეიტინგებს და ძალაუფლებას და დაასახელა პირობა, რომლის შეუსრულებლობის შემთხვევაშიც სხვა პირმა უნდა დაიკავოს სახელმწიფოს მეთაურის პოსტი.

“თუ დონბასში ომს ვერ დავამთავრებ, მაშინ სხვა ადამიანი უნდა მოვიდეს, რომელსაც ამ ტრაგიკული ისტორიის დასრულება შეუძლია”, – თქვა მან.

ზელენსკის თქმით, იგი არ გამორიცხავს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ყირიმის შესახებ სამშვიდობო შეთანხმების დადების შესაძლებლობას.

“მე მჯერა ამის. წინააღმდეგ შემთხვევაში, მე არ წავიდოდი უკრაინის პრეზიდენტობაზე. ეს ძალიან რთულია და აქ ჩვენ გვჭირდება მთელი მსოფლიოს დახმარება”, – განაცხადა უკრაინის ლიდერმა.

“დღეს ყველას გვესმის, რომ მხოლოდ “ნორმანდიული ფორმატი” გვაქვს და მინსკის მიმართულებით მივდივართ”, – განაცხადა ზელენსკიმ. მან გაიხსენა, რომ ნორმანდიის ოთხეულის (რუსეთი, უკრაინა, გერმანია და საფრანგეთი) ლიდერებს შორის შეთანხმებების მთავარი პუნქტი იყო ცეცხლის შეწყვეტა აღმოსავლეთ უკრაინაში. “მე მჯერა, რომ ეს პუნქტი დღეს შესრულებულია,” – თქვა პრეზიდენტმა.

ამავე დროს, ზელენსკიმ მიუთითა რუსეთთან არსებულ უთანხმოებაზე დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების სპეციალური სტატუსის შესახებ, რომელსაც კიევი არ აკონტროლებს. მან ასევე განაცხადა, რომ არ ეთანხმება ადგილობრივი არჩევნების შემდეგ დონბასში რუსეთისთვის საზღვრის კონტროლის გადაცემას. “ჩვენ არ შეგვიძლია არჩევნების ჩატარება. არცერთი დამკვირვებელი არ მოვა. მაგრამ ჩვენ მივდივართ მინსკის მიმართულებით”, – აცხადებს ზელენსკი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად