ზელენსკი: ჩემი მთავარი მიზანი დონბასში ომის დასრულება და უკრაინის ტერიტორიის დეოკუპაციაა

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ ის ძირითადი მიზნები დაასახელა, რომელთა განხორციელებას პრეზიდენტობის დროს გეგმავს. ამის შესახებ მან სლოვაკ კოლეგასთან ზუზანა ჩაპუტოვასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ინფორმაციას გამოცემა LIGA.News- ი ავრცელებს.

უკრაინის ლიდერის თქმით, მას, როგორც სახელმწიფოს მეთაურს, ორი მთავარი მიზანი აქვს – ”ომის დასრულება და უკრაინის ტერიტორიის დეოკუპაცია”. მან აღნიშნა, რომ უკრაინის პრეზიდენტის რანგში ეს მისი მთავარი მისიაა.

ზელენსკის განმარტებით, მიზნის მიღწევის პროცესში, მას უცხოელი პარტნიორების, მათ შორის სლოვაკეთის, დიპლომატიური მხარდაჭერის იმედი აქვს.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პოლიტიკა უნდა გაგრძელდეს.

”ეს აუცილებელია არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ მთელი ევროპისთვის, რომელიც თავს უსაფრთხოდ არ იგრძნობს მაშინ, როდესაც რუსეთი საერთაშორისო სამართალს უგულებელყოფს”, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

შეხვედრის დასაწყისში, ზელენსკიმ “ნორმანდიული ოთხეულის” ქვეყნების ლიდერების მოახლოებული შეხვედრის შესახებ და მოლოდინებზე ისაუბრა. მისივე თქმით, საუბარის მთავარი თემა დონბასიდან ჯარების გაყვანა, ასევე ადგილობრივი არჩევნების საკითხი იქნება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად