ზებედა რეხვიაშვილმა ჰააგაში ტრავმა მიიღო (ვიდეო)

ჰოლანდიაში, ჰააგის გრან პრიზე, დღეს 73-81 კგ წონითი კატეგორიების ძიუდოისტები ჩაებნენ ბრძოლაში.

73 კგ წონით კატეგორიაში ლაშა შავდათუაშვილმა პირველი შეხვედრა ამერიკელ ნიკოლას დელპოპოსთან მეტოქის მიერ ძირითადი დროის დასრულებამდე მეტოქის მიერ მიღებული მესამე შიდოს ხარჯზე მოიგო. შემდეგ გერმანელ შამილ ჯაგბატიროვთან შეხვედრის დასრულებამდე წუთით და 51 წამით ადრე, მაშინ როდესაც ორივეს ორ-ორი შიდო ჰქონდა მიღებული, მეტოქე ზურგზე დააგდო და იპონით გაიმარჯვა. მესამე შეხვედრა ლაშას ბრაზილიელ ედუარდო ბარბოსასთან ჰქონდა. მეტოქეებმა ძირითადი დრო თითო შიდოთი დაასრულეს, ოქროს დროში კი ლაშამ ორი შიდო მიიღო და სამი შიდო ტოლია იპონის წესით დამარცხდა.

რეპეშაჟის ნახევარფინალი ლაშას რუს დენის იარცევთან ჰქონდა. იმ იარცევთან, რომელიც რიოში, ოლიმპიურ თამაშებზე დაამარცხა 8 აგვისტოს და ტატამზე დანარცხებულ მეტოქეს ჟესტით საქართველოს დროშაზე მიანიშნა. დღეს ლაშამ მეტოქე შეხვედრის დაწყებიდან წუთსა და 20 წამში დააგდო იპონზე, თუმცა ამჯერად მას აღარაფერზე მიანიშნა, წაქცეულს ხელი გაუწოდა და წამოდგომაში შეეშველა.

რეპაშაჟის ფინალში ლაშა ბრინჯაოსთვის გერმანელ ანტონი ზინგთან იჭიდავებს

ზებედა რეხვიაშვილის მიერ ფრანგ ნიკოლას ჩილაროსთან 50 წამზე შესრულებული ილეთი მსაჯებმა იპონით შეაფასეს, თუმცა მცირე თათბირის შემდეგ გადაწყვეტილება შეცვალეს და ზებედას ვაზარი არგუნეს. შემდეგ ფრანგი ბევრს აქტიურობდა, ზებედას დაღლა დაეტყო, მაგრამ თავის დაცვას ახერხებდა. შეხვედრის დასრულებამდე 50 წამით ადრე ფრანგის წამოწყებულ ილეთზე ზებედამ კონტრილეთის ჩატარება სცადა, მაგრამ მარცხენა ფეხი უხერხულად დაჰყვა, ვაზარი გაუშვა და მუხლის ტკივილის გამო შეხვედრის გაგრძელებას ვეღარ ახერხებდა. ბრძოლის გაგრძელებისთანავე იგი ზურგზე დაეცა და მეტოქეს დანებდა. ზებედამ ტატამის დამოუკიდებლად დატოვება ვერ შეძლო და იგი სანიტრებმა საკაცით გაიყვანეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად