ზაზა თავაძე არჩილ თალაკვაძეს უზენაესის მოსამართლედ მისი კანდიდატურის პარლამენტისთვის წარდგენის გადადების თხოვნით მიმართავს

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძე, პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ ტალაკვაძეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ მისი კანდიდატურის პარლამენტისთვის წარდგენა ცადის გადადების თხოვნით მიმართავს.

“ბატონო არჩილ, უპირველეს ყოვლისა, აღვნიშნავ, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობა ჩემთვის უდიდესი პატივი და გამოწევაა. საკუთარი აკადემიური და პროფესიული გამოცდილების გათვალისწინებით, დიდი ენთუზიაზმით ვიღებ მონაწილეობას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა გამოცხადებულ შესარჩევ კონკურსში. კონკურსის მიმდინარეობისას საზოგადოებრივ წრეებში გაჩნდა დაუსაბუთებელი კითხვები ჩემი კანდიდატურის უზენაესი სასამართლოს მოსამართლის უმაღლეს იურიდიულ განათლებასთან დაკავშირებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის თაობაზე. სამწუხაროდ კითხვები გაუჩნდათ საქართველოს სახალხო დამცველსა და საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის ზოგიერთ წევრსაც.

საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, მოსამართლის თანამდებობის დაკავება საერთო სასამართლოებში შეუძლია პირს, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხით. ჩემ მიერ უკვე წარმოდგენილი დოკუმენტით დასტურდება, რომ მიღებული მაქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, რომელიც მოქმედი კანონმდებლობისა და სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკის მიხედვით, გათანაბრებულია მაგისტრის ხარისხთან და ჩემი კანდიდატურა სრულად შეესაბამება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს. კონკურსის ფარგლებში ჩემ მიერ მიღებული განათლება მოსამართლის კვალიფიკაციასთან შესაბამისად მიიჩნია ასევე საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ. აღნიშნულის მიუხედავად, მიმაჩნია, რომ უზენაესი სასამართლოს წევრის მაღალი სტატუსის გათვალისწინებით, მისი კვალიფიკაციის მიმართ თუნდაც მცირე ეჭვის არსებობამ, შესაძლოა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს, როგორც თავად ამ მოსამართლის, ასევე უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტის, უზენაესი სასამართლოს რეპუტაციას.

ჩემი კარიერის უდიდესი ნაწილი სასამართლო ხელისუფლებას უკავშირდება. მაქვს პატივი, ვიყო საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე და ამავე სასამართლოს თავმჯდომარე. ჩემთვის სასამართლო ხელისუფლებისადმი საზოგადოების ნდობა, მისი თითოეული წევრის უმწიკლო რეპუტაციის შენარჩუნება, საციცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფასეულობაა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მივიჩნევ, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობის დაკავებამდე ჩემ განათლებასთან დაკავშირებით აპრიორი უნდა გაიფანტოს ნებისმიერი, თუნდაც დაუსაბუთებელი კითხვის ნიშნები.

აღნიშნულიდან გამომდინარე, გადავწყვიტე, ჩემ მიერ მიღებული განათლების მაგისტრის ხარისხთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, მივმართო კანონით გათვალისწინებულ ყველა ლეგიტიმურ საშუალებას. განათლების აღიარებისათვის კანონით გათვალისწინებული პროცედურების გამოყენების რეკომენდაცია ასევე გაიცა საქართველოს სახალხო დამცველის/მისი წარმომადგენლის მიერ. იმედს ვიტოვებ, ჩემ მიერ მაგისტრის ხარისხის ფლობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პროცედურით დადასტურება, გააქრობს საზოგადოებაში არსებულ ეჭვებს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ, გადადოთ უზენაესის სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე არჩევის მიზნით ჩემი კანდიდატურის პარლამენტის პლენალური სხდომისთვის წარდგენა ჩემი განათლების მაგისტრის ხარისხთან შესაბამისობის დადგენის კანონით გათვალისწინებული პროცედურის დასრულებამდე“,- ნთქვამია ზაზა თავაძის წერილში, რომელიც არჩილ თალაკვაძეს უკვე გაუგზავნა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად