ზაზა ხუციშვილი: უზენაესის მოსამართლეებზე დეპუტატები გადაწყვეტილებას თავისი სინდისით მიიღებენ (ინტერვიუ)

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაზა ხუციშვილი აცხადებს, რომ უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატებიდან სავარაუდოდ გამოჩნდებიან ისეთები, რომლებსაც პარლამენტი მხარს არ დაუჭერს და იქნებიან ისეთებიც, რომელიც პარლამენტის მხარდაჭერას მოიპოვებს. დეპუტატის აზრით, ყველა კანდიდატის ბიორგრაფია უნდა იყოს შესწავლილი და გადაწყვეტილება მერე უნდა იყოს მიღებული.

პარლამენტარმა „აიპრესთან“ ინტერვიუში არ დააკონკრეტა, დაუჭერს თუ არა მხარს მიხეილ ჩინჩალაძეს. რაც შეეხება იმას, რომელი გუნდის წევრია – კობახიძის, ბესელიას თუ ნეიტრალური, – ამ კითხვაზე ამბობს, რომ ის უმრავლესობის წევრია და რომელიმე კონკრეტულ გუნდში საკუთარ თავს ვერ მოიაზრებს.

_ იმ დაძაბულ ფონზე, რაც დღეს „ქართულ ოცნებაშია“ თქვენ რა პოზიცია გაქვთ მოსამართლეების თემაზე. პირადად თქვენ თუ დაუჭერთ მხარს იუსტიიციის საბჭოს მიერ წარმოდგენილი უზენაესის კანდიდატების სიას?

_ თუკი ჩვენ იმაზე ვთანხმდებით, რომ მომავალში როცა გვეყოლება პროპორციული სისტემით არჩეული პარლამენტი, სადაც პლურალიზმი და აზრთა სხვადასხვაობა ცალსახად დადებითი მომენტია, მაშინ რატომ გვგონია, რომ „ქართულ ოცნებაში“ განსხვავებული აზრები პრობლემაა?! განსაკუთრებულ დაძაბულობას ვერ დავარქმევდი იმას, რომ ძალიან ბევრი მიმართულებით სხვადასხვა საკითხებზე მათ შორის განსხვავებული პოზიციებია.

რაც შეეხება მოსამართლეებს, საბედნიეროდ აქ არ არის აუცილებლობა, რომ სიას მხარი ან დაუჭირო ან არ დაუჭირო. ისე მაგალითად, როგორიც პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები იყო. არიან კანდიდატები, რომელთა მიმართაც საზოგადოებასაც და დეპუტატებსაც აქვთ გარკვეული შენიშვნები და სავარაუდოდ გამოჩნდებიან ისეთი კანდიდატები, რომლებსაც პარლამენტი სავარაუდოდ მხარს არ დაუჭერს, მათ შორის არც მე. იქნებიან ისეთი კანდიდატები, რომლებმაც შეიძლება მიიღონ მხარდაჭერა. თითოეული კანდიდატს უნდა ბოლომდე შესწავლა. რომ გითხრათ ყველას ბიოგრაფიას ვიცნობ და მათი სანდოობის ხარისხი ჩემთვის პრობლემას არ წარმოადგენს-მეთქი, ეს ასე არ არის. ამიტომ დამატებითი ინფორმაცია და დამატებითი კონსულტაციები მჭირდება.

_ მაგალითად, ჩინჩალაძეს დაუჭერთ თუ არა მხარს?

_ იცით რა კონკრეტულად ნუ გამოვყოფთ. კონკრეტული გვარი მესმის, მაგრამ მისი ბიოგრაფიის შესწავლა ჩემთვის მნიშვნელოვანია, რაში ედება ამ ადამიანს ბრალი, თუკი ედება საერთოდ.

_ თქვენ აქამდე ჩინჩალაძეზე არაფერი გსმენიათ?

_ მსმენია, გასაგებია. როგორ გადაწყვეტილებასაც მივიღებ გასაგებია. არიან ისეთი კანდიდატები, რომლებიც ჩემს მხარდაჭერას ვერ მიიღებენ. მაგრამ ახლა გვარებზე არ მინდა საუბარი. წინასწარ გეუბნებით არიან ისეთი რამდენიმე კანდიდატი, რომელიც ჩემს მხარდაჭერას ვერ მიიღებს.

_ რაც შეეხება „ქართულ ოცნებაში“ არსებულ ვითარებას, ეს თქვენ აზრთა სხვადასხვაობა გგონიათ და რაც ხდება ამაში დაპირისპირებას ვერ ხედავთ?

_ იცით რა? დაპირისპირება რასთან დაკავშირებით? თუკი ვსაუბრობთ ბოლო თემაზე რაც იყო, საუბარი იყო მოსამართლეების კანდიდატურებზე. თემა ეს არის. მე არ მგონია, რომ „ქართულ ოცნებაშიც“ არიან ისეთი დეპუტატები, რომლებიც ათივე კანდიდატს დაუჭერენ მხარს. ვიმეორებ, ამ კანდიდატების შესახებ იქნება მსჯელობა და ვფიქრობ, რომ ყველა ნამდვილად ვერ გავა თუკი ეს სია ბოლომდე იქნება შემოთავაზებული.

რაც შეეხება მეორე მომენტს, ისიც არის, რომ უზენაესში 28 მოსამართლეა განსაზღვრული და დღეს 10 მოსამართლეა დანიშნული, ესეც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამის გაწელვა და ის, რომ ათივე კანდიდატი, რომ ჩავარდეს არა მგონია სწორი იყოს. უამრავი საქმეა და ათი მოსამართლე დღესდღეობით ამ საქმეების განხილვას ვერ აუდის. ამიტომ, სერიოზული დაფიქრება, გაანალიზება და დამატებითი დრო გვჭირდება, რათა ღირსეული კანდიდატი შევარჩიოთ.

_ საპარლამენტო უმრავლესობაში გამოიყო ჯგუფები. რაც არ უნდა თქვათ, რომ არ არის დაპირისპირება ეს მაინც თვალში საცემია. თქვენ რომელ გუნდში შედიხართ ბესელიას გუნდში, კობახიძის თუ მესამე ნეიტრალურ გუნდში?

_ მე უმრავლესობის წევრი ვარ და რომელიღაცა ცალკეულ გუნდში ჩემს თავს ვერ მოვიაზრებ. თუ მანამდეც იყო ასეთი რამე, მე ეს არ მიგრძვნია. აზრთა სხვადასხვაობა არის, მაგრამ, დაპირისპირებას ვერ ვუწოდებ.

_ აზრთა სხვადასხვაობა ერთია, მაგრამ უმრავლესობის წევრები საუბრობენ რომ დაპირისპირება არსებობს. მოვისმინეთ ეს ბესელიასგან, ფოფხაძისგან. ზარი ფოფხაძესთან, რომ კომენტარი არ გაეკეთებინა და ა. შ.

_ კომენტარის გაკეთება ან არგაკეთება არ ნიშნავს საკუთარი პოზიციის შეცვლას ან არშეცვლას ხომ? როდესაც გუნდში მსჯელობა წინაა, მას გუნდის წევრები უნდა დაელოდნონ და ამის მიხედვით იმსჯელონ. ამის შემდეგ მოხდეს ან განსხვავებული აზრის ან საკუთარი პოზიციის გარეთ გამოტანა.

_ როცა მსჯელობა არ ყოფილა დასრულებული, თქვენთანაც ხომ არ ყოფილა ზარი და ხომ არ უთხოვიათ, რომ არ გაგეკეთებინათ შეფასება მედიასთან?

_ არის გუნდური შეთანხმება, როდესაც გამოგვაქვს სხვადასხვა პოზიცია, ან გუნდის პოზიცია გამოგვაქვს, მაგრამ გუნდში იმის მცდელობა, რომ ყველა ადამიანი ერთ ადგილზე იდგეს, ასეთი მსჯელობა არ ყოფილა. სხვა შემთხვევაში ამ გუნდში ძალიან ბევრი ადამიანის ადგილი არ იქნებოდა. გუნდში ძალიან ბევრ საკითხთან დაკავშირებით ყოფილა აზრთა სხვადასხვაობა. იგივე მარიხუანას კულტივაციის კანონი, შრომას უსაფრთხოება და ა. შ. ამას წინათ კიდევ ერთი კანონი ვერ გავიდა, რომელზეც იყო განსხვავებული აზრები. ამიტომ, ეს ჯანსაღი პროცესი მგონია. რაც შეეხება დაპირისპირებას, ეს არასოდეს არ არის სასურველი და ვფიქრობ, რომ დალაგდება ეს ურთიერთობები. ისეთ პრობლემას ვერ ვხედავ, რომ ამაზე მორიგება ვერ მოხდეს.

_ ანუ გგონიათ, რომ ეს ყველაფერი მოგვარებადია?

_ შეიძლება გუნდის შიგნით იყოს რაღაც შესაძლებლობა, რომ გარკვეულმა ადამიანებმა უფრო თანამოაზრეებად იგრძნონ თავი. ამაშიც ვერ ვხედავ პრობლემას. საბოლოო ჯამში ეს უფრო ჯანსაღი პროცესი მგონია, ვიდრე ის, რომ რაღაცა პოზიცია იყოს და 115 დეპუტატი ან ხელს უწევდეს, ან წითელს უნთებდეს.

_ ჩემს კითხვაში იმას ვგულისხმობ, რომ გგონიათ, რომ ბესელია, ფოფხაძე, გოგიჩაიშვილი, ნაცვლიშვილი და ა. შ. უმრავლესობიდან არ გავლენ?

_ კიდევ ერთხელ ვამბობ, არავითარი ზემოქმედების მცდელობა იმისა, რომ მოსამართლეებიდან ვინმემ ვინმეს მიუთითოს მხარდაჭერა, ან არდაჭერა, ეს არ იქნება. ამაში დარწმუნებული ვარ. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ამ თემასთან დაკავშირებით გუნდში ერთიანობა იქნება, რომ თითოეული დეპუტატი გადაწყვეტილებას მიიღებს თავისი სინდისის, თავისი ინფორმირებულობის და სიმართლის პრინციპებით. ვერ ვხედავ იმას, რომ არ მოხდეს აზრთა შეჯერება.

P. S. ინტერვიუ ჩაწერილია გუშინ, 9 იანვარს. ამ დროს “ქართული ოცნების” ლიდერის ბიძინა ივანიშვილის განცხადება გავრცელებული ჯერ არ იყო. შესაბამისად, ივანიშვილის განცხადებასთან დაკავშირებული კითხვები დეპუტატთან არ დაგვისვამს.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად