ზაზა ხუციშვილი: შესასწავლია, რაში ედება ბრალი ჩინჩალაძეს და თუ ედება საერთოდ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაზა ხუციშვილი არ აკონკრეტებს დაუჭერს თუ არა მხარს მიხეილ ჩინჩალაძეს, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატია.

როგორც ზაზა ხუციშვილმა „აიპრესს“ განუცხადა, იუსტიციის საბჭოს მიერ წარმოდგენილი უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატების სია უნდა შეისწავლოს და ისე გადაწყვეტს, თუმცა ამბობს, რომ სიაში არიან კანდიდატები, რომელსაც მხარს არ დაუჭერს. დეპუტატი კონკრეტულ გვარებზე არ საუბრობს.

იმ დაძაბულ ფონზე, რაც დღეს „ქართულ ოცნებაშია“ თქვენ რა პოზიცია გაქვთ მოსამართლეების თემაზე. პირადად თქვენ თუ დაუჭერთ მხარს იუსტიიციის საბჭოს მიერ წარმოდგენილი უზენაესის კანდიდატების სიას?

თუკი ჩვენ იმაზე ვთანხმდებით, რომ მომავალში როცა გვეყოლება პროპორციული სისტემით არჩეული პარლამენტი, სადაც პლურალიზმი და აზრთა სხვადასხვაობა ცალსახად დადებითი მომენტია, მაშინ რატომ გვგონია, რომ „ქართულ ოცნებაში“ განსხვავებული აზრები პრობლემაა?! განსაკუთრებულ დაძაბულობას ვერ დავარქმევდი იმას, რომ ძალიან ბევრი მიმართულებით სხვადასხვა საკითხებზე მათ შორის განსხვავებული პოზიციებია.

რაც შეეხება მოსამართლეებს, საბედნიეროდ აქ არ არის აუცილებლობა, რომ სიას მხარი ან დაუჭირო ან არ დაუჭირო. ისე მაგალითად, როგორიც პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები იყო. არიან კანდიდატები, რომელთა მიმართაც საზოგადოებასაც და დეპუტატებსაც აქვთ გარკვეული შენიშვნები და სავარაუდოდ გამოჩნდებიან ისეთი კანდიდატები, რომლებსაც პარლამენტი სავარაუდოდ მხარს არ დაუჭერს, მათ შორის არც მე. იქნებიან ისეთი კანდიდატები, რომლებმაც შეიძლება მიიღონ მხარდაჭერა. თითოეული კანდიდატს უნდა ბოლომდე შესწავლა. რომ გითხრათ ყველას ბიოგრაფიას ვიცნობ და მათი სანდოობის ხარისხი ჩემთვის პრობლემას არ წარმოადგენს-მეთქი, ეს ასე არ არის. ამიტომ დამატებითი ინფორმაცია და დამატებითი კონსულტაციები მჭირდება.

მაგალითად, ჩინჩალაძეს დაუჭერთ თუ არა მხარს?

იცით რა კონკრეტულად ნუ გამოვყოფთ. კონკრეტული გვარი მესმის, მაგრამ მისი ბიოგრაფიის შესწავლა ჩემთვის მნიშვნელოვანია, რაში ედება ამ ადამიანს ბრალი, თუკი ედება საერთოდ.

თქვენ აქამდე ჩინჩალაძეზე არაფერი გსმენიათ?

მსმენია, გასაგებია. როგორ გადაწყვეტილებასაც მივიღებ გასაგებია. არიან ისეთი კანდიდატები, რომლებიც ჩემს მხარდაჭერას ვერ მიიღებენ. მაგრამ ახლა გვარებზე არ მინდა საუბარი. წინასწარ გეუბნებით არიან ისეთი რამდენიმე კანდიდატი, რომელიც ჩემს მხარდაჭერას ვერ მიიღებს.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...