ზაზა გაბუნია: საკონსტიტუციო უმრავლესობა საფრთხე რომ იყოს, კანონი აკრძალავდა

„ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი ნაძალადევში, ზაზა გაბუნია „აიპრესთან“ პარლამენტში პარტიის საკონსტიტუციო უმრავლესობით შესაძლო მოსვლაზე საუბრობს. მისი განმარტებით, პოლიტიკური ძალები „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო უმრავლესობით მოსვლას საფრთხედ იმიტომ მიიჩნევენ, რომ თავად ამომრჩევლის ასეთ დიდ მხარდაჭერას ვერასდროს მიიღებენ. 

„პირველ რიგში, საკონსტიტუციო უმრავლესობა საფრთხე რომ იყოს, მაშინ მას კანონი აკრძალავდა. რადგან კანონმდებლობა საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შესაძლებლობას უშვებს, ესე იგი, არის პოლიტიკური, სოციალური სივრცე იმისთვის, რომ მოსახლემ თავისი არჩევანის მიხევდით მიაკუთვნოს ამა თუ იმ პოლიტიკურ ძალას საკონსტიტუციო უმრავლესობის ფლობის შესაძლებლობა. 

მე კარგად მესმის, რომ პოლიტიკური ძალების მოტივაცია, რომლებიც საკითხს ამ პრიზმაში ხედავენ, განპირობებულია იმით, რომ ისინი საზოგადოების მხრიდან ახმელა მხარდაჭერას ვერასდროს მოიპოვებენ და ახლა ცდილობენ ამ სრულიად ლეგიტიმური და კანონმდებლობით გარანტირებული შესაძლებლობის დემონიზაციას, ნეგატიურ კონტექსტში განხილვას. 

თუ ბევრი მოქალაქე ადგება და დაუჭერს მხარს პოლიტიკურ პარტიას, როგორც ეს გააკეთეს „ქართული ოცნების“ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ამ მხარდაჭერაზე პოლიტიკური ძალა უარს არ იტყვის. არც ჩვენ ვიტყვით უარს. რა თქმა უნდა, დიდ მადლობას ვეტყვით საზოგადოებას და დავიწყებთ იმ დაკვეთის შესრულებას, რისთვისაც მოგვანიჭეს საკონსტიტუციო უმრავლესობის ფლობის შესაძლებლობა“,- განმარტა გაბუნიამ.

მან აქვე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების განცხადებებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მათ დროს ყველა სახელმწიფო სტრუქტურა პარტიის სტრუქტურებთან იყო შეზრდილი. 

„ნაციონალურ მოძრაობა“ იყო ავტორიტარული და ჰქონდა დიქტატორის ნიშნები. მიხეილ სააკაშვილმა ვერ დაძლია ვნებები, რომელიც დიქტატორს, როგორც წესი ცხოვრების ბოლომდე მიჰყვება. ახლა უცხო ქვეყნიდან ცდილობს ახალი პოლიტიკური ფრონტის გახსნას. აი, ამ პოლიტიკური ძალის მხრიდან, ბუნებრივია, სასაცილოა, მიუღებელი და აბსოლუტურად არასერიოზული ამ თემაზე საუბარი. 

ეს არის პოლიტიკური ძალა, რომელმაც მათ ხელში კონცენტრირებული პოლიტიკური ძალაუფლება გამოიყენა სწორედ საკუთარი პოლიტიკური პარტიის სახელმწიფოსთან შეზრდისთვის. ჩვენ ვიცით, რა იყო მაშინ პარტია. პრაქტიკულად, როგორც კომუნისტური რეჟიმის პერიოდში იყო, პარტია ნიშნავდა სახელმწიფოს. ყველა სახელმწიფო სტრუქტურა შეზრდილი იყო პარტიულ სტრუქტურებთან იმიტომ, რომ ქვეყნის მართვა ასე მიაჩნდათ სწორად. ის კონსტიტუცია, რომელიც დღეს გვაქვს სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ მაშინდელი უმრავლესობის მიერ იყო მომზადებული. ამზადებდნენ მიხეილ სააკაშვილს, როგორც უკვე დაკანონებულ დიქტატორს. 

მოგეხსენებათ, 2012 წლის არჩევნების შემდეგ კონსტიტუციურად პრემიერმინისტრი იღებდა ძირითად პოლიტიკურ ძალაუფლებას და ეს ყველაფერი იყო მომზადებული იმისთვის, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ხანგრძლივად და დიდხანს შეენარჩუნებინა ძალაუფლება. რაც მთავარია, მათ სურდათ, ბოროტად გამოეყენებინათ ეს.
როგორც ბატონი ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი იტყოდა, ნურას უკაცრავად, ქართველმა ხალხმა მათ ეს შესაძლებლობა ჩამოართვა“,- განმარტა გაბუნიამ.

მაჟორიტარობის კანდიდატის თქმით, „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო უმრავლესობა იმისთვის სჭირდება, რომ ყველა გაცემული დაპირება შეასრულოს. 

„ახლა „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო უმრავლესობა, ერთი მხრივ, სჭირდება იმისთვის, რომ ყველა დაპირება, ყველა აუცილებელი რეფორმა, მათ შორის, რომელიც დაკავშირებულია ორგანულ კანონებთან, თუ ზოგადად საკანონმდებლო ბაზის ევროპულ კონდიციებთან, შეასრულოს. ამისთვის გამოვიყენებთ საკონსტიტუციო უმრავლესობას და არა გამოყენებული რაიმე ძალაუფლების უზურპაციისთვის, რაიმეს მიტაცებისთვის. 

„ქართული ოცნება“ რომ იყოს პოლიტიკური ძალა, რომელიც ახლა იწყებს ქვეყნის მართვას, შეიძლება ვიღაცას დაეჯერებინა, რომ მათ ცუდად არ გამოიყენონ ძალაუფლებაო, მაგრამ „ქართულმა ოცნებამ“ განვლილი 4 წლის განმავლობაში მკაფიოდ აჩვენა ქართულ საზოგადოებას, რომ შეუძლია მის ხელთ არსებული პოლიტიკური ძალაუფლება გამოიყენოს არა ბოროტად, არამედ აღმშენებლობისთვის, განვითარებისთვის. 

ამის ძალიან კარგი მაგალითი გახლავთ ყველა ის პრემიერმინისტრი, რომელიც „ქართული ოცნების“ დროს მართავდა ქვეყანას. თითოეული მათგანის გადაწყვეტილებები, ისევე როგორც კოლექტიურად მთავრობის გადაწყვეტილებები, აბსოლუტურ შესაბამისობაში იყო ევროპულ პრაქტიკასთან. 

ჩვენ ვუსმენთ საზოგადოებას. მასთან კონსულტაციის შედეგად ვიღებთ გადაწყვეტილებებს და ასევე ვაპირებთ გაგრძელებას. ოღონდ ახლა ყოველგვარი კოჰაბიტაცია, ყოველგვარი კოალიციური მართვის სირთულეები უკან არის დატოვებული. რის გაკეთებასაც ზოგჯერ კოჰაბიტაციის გამო, ზოგჯერ კოალიციური მთავრობის სირთულეების გამო ვერ ვახერხებდით, ახლა უფრო სწრაფად გავაკეთებთ. ამიტომაც წერია ჩვენს სლოგანში სწრაფი განვითარება, ერთ-ერთ დაპირებად. ამ სწრაფ განვითარებას სჭირდება სწრაფი და სწორად გაანალიზებული გადაწყვეტილებების მიღება და არა ისეთი საპარლამენტო, ბიუროკრატიული და პროცედურული სირთულეების შექმნა, რომლისთვისაც დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, რომ რამენაირად არ გვქონდეს საკონსტიტუციო უმრავლესობა. მათი ამოცანაა, რომ ხელი შეგვიშალონ სწორი გადაწყვეტილებების სწრაფად მიღებაში.

ჩვენ ჩვენი დაპირებები ძალიან კარგად გვახსოვს და შევასრულებთ კიდეც მათ“,- განაცხადა ზაზა გაბუნიამ. 

ამომრჩეველზე ერთგვარი ზეწოლად აფასებს გაბუნია სამოქალაქო სექტორის მოწოდებებს საზოგადოების მიმართ, რომლის თანახმად მოქალაქეებმა მეორე ტურებში ხმა ქვეყენაში საკონსტიტუციო უმრავლესობის ჩამოყალიბების წინააღმდეგ უნდა მისცენ. 

„ეს ერთგვარად ამომრჩეველზე ზეწოლის მცდელობაა, რომ მან არ მიიღოს თავისუფლად გადაწყვეტილება. სტერეოტიპებს სთავაზობენ ამომრჩეველს იმაშიც, რომ გაუჭირდეს გადაწყვეტილების მიღება. მაგრამ მე ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ ერთი მხრივ, საზოგადოებას აქვს პრინციპული პოზიცია და მეორე მხრივ, მივიჩნევ, რომ ის ამ პოზიციას დააფიქსირებს მუდმივად. 

ეს პოზიცია ლუსტრირებაა იმ ჯგუფების მხრიდან, ვინც ამას ამბობს. პოლიტიკური ძალისთვის, რომელმაც უამრავი დანაშაული ჩაიდინა, თუნადაც ამ საბაბის გამოყენებით მხარდაჭერა მათ პოლიტიკურ გემოვნებას უსვამს ხაზს. ეს ძალიან კარგია საზოგადოებისთვისაც, რადგან ადამიანებმა, რომლებიც შუალედურ პოზიციას იკავებდნენ და პარტიული მიკუთვნებულობისგან თავს იკავებდნენ, ახლა სრულიად ცხადად გამოაჩინეს, საით იხრება მათი სიმპათიები. ვერ მოვუწონებ მათ არჩევანსა და პოლიტიკურ გემოვნებას. 

ეს მათი უფლებაა, მაგრამ საზოგადოებას თავი დაანებონ და სტერეოტიპებით შეცდომაში ნუ შეჰყავთ. მოკლე ვადიანი მეხსიერება არ აქვს საზოგადოებას და ახსოვს, რა იყო 2012 წლამდე. ისიც ახსოვს, როგორ მართა „ქართულმა ოცნება“ ბოლო 4 წელიწადი ქვეყანა და შესაბამისად, ყველა გონიერი ადამიანი ხვდება, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა მხოლოდ და მხოლოდ შესაძლებლობაა. 

გახსოვთ, რომ არაერთ საკითხთან მიმართებით საზოგადოება ითხოვდა მეტ სისწრაფეს, დინამიკას. მაგრამ ის კოჰაბიტაციის რეჟიმი და რთული ფორმატი, როდესაც რამდენიმე სუბიექტთან კოალიციურად უნდა ყოფილიყო შეთანხმებული, მოგეხსენებათ, თითოეულ მოთამაშეს თავისი პარტიული დღის წესრიგი ჰქონდა, ეს ართულებდა სწრაფად გადაწყვეტილებები მიღებას. 

დღეს „ქართული ოცნება“ ამ ყველაფრისგან გათავისუფლებულია. მოსახლეობის მიერ მონიჭებულ უმრავლესობას სწორედ იმისთვის გამოვიყენებთ, რომ ძალიან სწრაფად დავიწყოთ ის, რასაც ჩვენგან ელოდებიან“,- განმარტა ზაზა გაბუნიამ. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...