ზაქარია ქუცნაშვილის პასუხი ხადელების პრეტენზიებზე: ხადას დიდი სიურპრიზი ელოდება

ყაზბეგისა და დუშეთის მაჟორიტარი დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი ირწმუნება, რომ ხადის ხეობას, უახლოეს მომავალში სიურპრიზი ელოდება, რაც ხეობის განავითარებს და „ააყვავებს“, თუმცა დეპუტატი გეგმებს არ ამხელს.

„არ მინდა მოვლენებს გავუსწრო წინ, რადგან ეს სიურპრიზი დარწმუნებული ვარ, ყველა გულშემატკივარს გაახარებს. რადგან თუ ჩვენი ვარაუდები გამართლდა, ეს სიურპრიზი ხადას განვითარებას და აყვავებას გამოიწვევს“, – აცხადებს ზაქარია ქუცნაშვილი „აიპრესთან“. 

ხადის ხეობის ბოლო სოფელში ელექტროგადამცემი ბოძების პრობლემა აქვთ. წკერეში სადაც, რთული კლიმატური პირობებია, ხის, თითქმის წაქცეული ელექტროგადამცემი ბოძებია, რომელიც ზამთარში მოსახლეობას თვეობით ელექტროენერგიის გარეშე ტოვებს. ამასთან დაკავშირებით ზაქარია ქუცნაშვილი ამბობს, რომ მიმდინარე წლის ივლისში ელექტროგადამცემი ბოძების სრული რეაბილიტაცია მოხდება. 

„ხადა გაზიფიცირებული და ელექტროფიცირებულია. უბრალოდ ამოტრიზირებულია ბოძები. ჩვენ ივლისში მის სრულ რეაბილიტაციას მოვახდენთ. დარჩა გზის პრობლემა. ცოტა დრო მოგვეცით, რომ ეს სიურპრიზი ცოტა მოგვიანებით გავაჟღეროთ“, – აცხადებს ზაქარია ქუცნაშვილი. 

– ხადის ხეობის მოსახლეობას აქვს ინფორმაცია, რომ დუშეთის რაიონისთვის ყველაზე მეტი დახმარებაა გამოყოფილი, თუმცა ისი ამბობენ, რომ დიდი ხნის წინ, მხოლოდ 1 ტომარა ფქვილი დაურიგეს, მას შემდეგ კი, მათ არავინ დახმარებია… 

ზაქარია ქცუნაშვილი: „პროდუქტების დარიგების პროგრამა არც ერთ მუნიციპალიტეტში არ არსებობს. არასწორი ინფორმაციაა. ერთადერთი რასაც აკეთებს მუნიციპალიტეტი, სიღარიბის ზღვარს მყოფ მოქალაქეებისთვის უფასო სასადილოებია მოწყობილი ქალაქ დუშეთში, მაგრამ საჭმელები დარიგება არ ხდება არსად“. 

ზაქარია ქუცნაშვილი „აიპრესთან“ ამბობს, რომ ხეობის პოპულარიზაციის მიზნით აქვს კონკრეტული გეგმა.

„ხადას პრობლემატიკას ვინც იცნობს… ხადა არის ფაქტიურად უგზოდ დარჩენილი ხეობა, რომელიც უზარმაზარ კულტურულ მემკვიდრეობას ფლობს. ამ უგზოდ დარჩენილ ხადის ხეობის პრობლემების მიპყრობის მიზნით ჩვენ გვაქვს იდეა – ხადას კოშკებში ავანთოთ ცეცხლი, ოღონდ არა მტრის შემოტევის მაუწყებელი, არამედ ყურადღების მიპყრობის ნიშანი. ეს ყველაზე მარტივია, რაც შეიძლება გავუკეთო. ყურადღების მიპყრობის ნიშნად, გვინდა ამ აქციის ჩატარება. ზამთარსა და გაზაფხულზე კარგად ვიმუშავეთ, უახლოეს თვეებში… არ მინდა მოვლენებს გავუსწრო, ის რაც აქციით უნდა შემდგარიყო, შეიძლება აქციის გარეშეც იყოს მიღწეული მიზანი“, – აცხადებს ზაქარია ქუცნაშვილი. 

ამავე თემაზე: სოფლები, სადაც ავადმყოფობა "ეკრძალებათ" – რეპორტაჟი დაცლილი ხადის ხეობიდან

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...