ზაქარია ქუცნაშვილი: ყველა არასამთავრობოს უცხოეთიდან დაფინანსება აუკრძალო, არასწორია

„ადამიანები არიან კარგებიც და ცუდებიც. კარგ საქმესაც აკეთებენ ცუდებსაც. ცუდი ადამიანების შიშით, ხომ არ შეიძლება, რომ ადამიანური ფუნქციონირება შევზღუდოთ“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, იურიდიული კომიტეტის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა პარლამენტში დარეგისტრირებულ იმ საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის თანახმადაც უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობოებს საქმიანობა უნდა აეკრძალოს.

როგორც ქუცნაშვილმა „აიპრესთან“ საუბრისას განმარტა, ამით იმ მდგომარეობამდე მივალთ, რომ ადამიანებს სოციალური არსებობა აუკრძალო. დეპუტატი განმარტავს, რომ ის ამ წინადადებას მხარს არ დაუჭერს.

„ის, რომ უცხო ქვეყნის მიერ დაფინანსებული ყველა ორგანიზაციის აქტივობა ყველასთვის მოსაწონი არ არის, ეს ნორმალური და სწორია. შეუძლებელია ყველა ორგანიზაციის ყველა აქტივობა მოსაწონი იყოს. ბუნებრივია არის კრიტიკული დამოკიდებულება და ყოველთვის იქნება ზოგიერთი აქტივობის მიმართ. მაგრამ, ამის გამო ყველას აუკრძალო, რომ მიიღოს ფუნქციონირებისა და თავისი აქტივობისთვის ფინანსური სახსრები, არა მგონია მთლად მიზანშეწონილი იყოს. ის, რომ ვიღაცის აქტივობა არ მოგწონს, რომელიც უცხოეთიდან ფინანსდება, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს უფლება ყველას წაართვა. ამით მივალთ იმდგომარეობამდე, რომ ადამიანს აუკრძალო სოციალური არსებობა. ადამიანები არიან კარგებიც და ცუდებიც. კარგ საქმესაც აკეთებენ ცუდებსაც. ცუდი ადამიანების შიშით, ხომ არ შეიძლება, რომ ადამიანური ფუნქციონირება შევზღუდოთ“, – განაცხადა დეპუტატმა.

კითხვაზე, ამ წინადადებას დაუჭერს თუ არა მხარს? – ქუცნაშვილი ასე პასუხობს:

„ბუნებრივია ამ წინადადებისთვის მხარის დაჭერა გამიჭირდებოდა. ეს იქიდან გამომდინარე, რომ არა მგონია არსებობდეს არგუმენტი, რომ იმის გამო ვიღაც რომ არ მოგწონს, ამის გამო ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია შეზღუდო უცხოურ დონერებთან ურთიერთობაში. არა მგონია ეს მთლად მიზანშეწონილი იყოს“, – აღნიშნა პარლამენტარმა.

რაც შეეხება იმას, მისი აზრით, ზვიად ტომარაძის საკანონმდებლო წინადადებები რითია განპირობებული ქუცნაშვილი პასუხობს, რომ ტომარაძე აქტიური ადამიანია.

„ზვიადი აქტიური პიროვნებაა. იმის მიუხედავად, რომ მისი ყველა შეხედულება გასაზიარებელი არ არის. ჩვენი საზოგადოების სიძლიერე სწორედ მისი წევრების მრავალფეროვნებაშია. როგორ შეიძლება ყველა ერთნაირად ვაზროვნებდეთ, ან ყველა ერთნაირი ღირებულებების, ან ტემპერამენტის მატარებლები ვიყოთ“, – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა „აიპრესთან“ საუბრისას.

შეგახსენებთ, პარლამენტში, „საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება 21“-ის საკანონდმებლო წინადადება დარეგისტრირდა. ინიციატორი უცხო ქვეყნის მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების აკრძალვას ითხოვს.

საკანონმდებლო წინადადების თანახმად, უნდა აიკრძალოს ის საზოგადოებრივი გაერთიანება, რომელიც უცხოეთის სახელმწიფოდან, უცხოური სამეწარმეო ან არასამეწარმეო ორგანიზაციიდან ან უცხოელი მოქალაქისგან მიღებული გრანტის ფარგლებში, ახორციელებს გრანტის ინტერესებს, საქართველოს სახელმწიფოს ინტერესების საწინააღმდეგოდ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად