ზაქარია ქუცნაშვილი პარლამენტში დაბრუნებაზე უარს აცხადებს

პარლამენტის ყოფილი წევრი ზაქარია ქუცნაშილი უარს აცხადებს საკანონმდებლო ორგანოში ოთარ ჩრდილელის ადგილმონაცვლედ და ბრუნებაზე და კატეგორიულად მოითხოვს, მისი გვარი ამოიღონ “ქართული ოცნების” საპარლამენტო სიიდან.

“ეს არის ფორმალურად სწორი, მაგრამ რეალურად უსამართლო შესაძლებლობა” – ნათქვამია ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებაში.

ზაქარია ქუცნაშვილის აღნიშნული გადაწყვეტილება ჟურნალისტებთან საუბრისას დადებითად შეაფასა პარლამენტის საპროცედურო და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გურამ მაჭარაშვილმა და განმარტა, რომ ის რჩება “ქართული ოცნების” გუნდში.

“როგორც თავის დროზე მიიღო სწორი და ღირსეული გადაწყვეტილება, დღესაც მისი განცხადება იყო აღსავსე იმით, რომ ის სწორად, სახელმწიფოებრივად, ადამიანურად უდგება ყველა საკითხს. ზაქრო რჩება ჩვენს პოლიტიკურ გუნდში, როგორ პოზიციაზე იქნება გამოყენებული თითოეული ჩვენი გუნდის წევრის რესურსი, ამას საბოლოო ჯამში, პარტიის ხელმძღვანელობა  გადაწყვეტს” – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ცნობისათვის: ზაქარია ქუცნაშვილის საკანონმდებლო ორგანოში ხელახლა დაბრუნების საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც უმრავლესობის წევრმა ოთარ ჩრდილელმა განაცხადა, რომ ის დეპუტატის მანდატს ტოვებს.

ოთარ ჩრდილელის შემდეგ, „ქართული ოცნების“ პარტიული სიით პარლამენტში შესვლა სწორედ ზაქარია ქუცნაშვილს უწევს.

შეგახსენებთ: თიანეთის ყოფილმა მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა სადეპუტატო მანდატის დატოვების გადაწყვეტილება 2019 წლის 21 ივნისს მას შემდეგ მიიღო, რაც მართლმადიდებლობის პარლამენტთაშორისი ასამბლეის სხდომა თბილისში რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის ხელმძღვანელობით გაიხსნა. 20-21 ივნისის ღამის საპროტესტო აქციის შემდეგ, ქუცნაშვილმა დეპუტატის მანდატის დატოვება გადაწყვიტა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად