ზალკალიანი:ჰანს ვაცნობე, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის ფუნდამეტური უფლებები ირღვევა

"ეს სკოლა კიდევ უფრო დაგვაახლოვებს ევროპასთან და ევროპულ ფასეულობებთან. ეს არა მარტო საქართველოს არამედ აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების 16-17 წლის ახალგაზრდებს ექნებათ შესაძლებლობა მიიღონ ევროპული დონის განათლება საქართველოში", – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა სამინისტროში ევროკომისარ იოჰანეს ჰანთან ერთად ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მინისტრის თქმით, ეს ვიზიტი იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ საქართველოს ჰქონდა შესაძლებლობა ესაუბრა ბევრ საკითხზე, მათ შორის რეგიონში მიმდინარე პროცესებზე. 

"ბატონ ჰანს დეტალურად ვაცნობე ის მდგომარეობა, რომელიც შექმნიალია ოკუპირებულ ტერიტორიებზე. აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში ბოლო პერიოდში არსებულ ვითარებაზე, როდესაც ირღვევა ადამიანების ფუნდამეტური უფლებები. როდესაც ადამიანებს არ აქვთ წვდომა განათლებაზე, არ აქვთ შესაძლებლობა მოინახულონ ახლობლები, როდესაც ისინი გაყოფილები არიან ხელოვნური ბარიერებით. ამიტომ მნიშვნელოვანია ევროკავშირის როლი, რომელიც გახლავთ ერთ-ერთი მთავარი აქტორი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკების ფორმატში, რომ მეტი ნაბიჯები იყოს გადადგმული საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაციის თვალსაზრისით. რათა გვქონდეს მნიშვნელოვანი პროგრესი 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის იმპლემენტაციაზე, ძალის არგამოყენებაზე, იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნებაზე. 

ასევე ვისაუბრეთ ევროკავშირის მიმართულებით საქართველოს მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებზე. იმაზე თუ როგორ წარმატებით ასრულებს საქართველო ასოცირების შეთანხმებას. ასევე იმაზე, რომ საქართველოს აქვს უფრო ამბიციური გეგმა კიდევ უფრო მეტი ნაბიჯი გადადგას ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებს მიღმა გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით. ძალიან მნიშვნელოვანია საგზაო რუკა, რომლის კონცეფციაც უკვე შემუშავებულია და ვმუშაობთ ამ დოკუმენტის შინაარსობრივ ნაწილზე, რაც ითვალსიწნებს საქართველოს უფრო მეტ სექტორულ ინტეგრაციას ევროკავშირთან. მეტ თანამშრომლობას ევროკავშირის პროგრამებსა და სააგენტოებში. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ახალ ფორმატებში მონაწილეობას. სტრატეგიული დიალოგის ფორმატში გვქონდა შეხვედრა და ველით, რომ ახალი ფორმატი, რომელიც უპრეცენდენტოა და მხოლოდ საქართველოსთან მიმართებაშია შემოღებული გვექნება საქართველოს მთავრობასა და ევროკავშირის უმაღლესი დონის შეხვედრა ბრიუსელში, რაც კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების", – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

დღეს ევროკომისარი იოჰანეს ჰანი საქართველოში ჩამოვიდა და მისი მორიგი ვიზიტი დაიწყო. ჰანი საქართველოში იმ ევროპული სკოლის გახსნასთან დაკავშირებით ჩამოვიდა, რომელიც საქართველოში "აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში" უნდა გაიხსნას და რომელიც უპრეცენდენტოა იმ თვალსაზრისით, რომ ეს იქნება პირველი სკოლა, რომელიც ევროკავშირის არაწევრ სახელმწიფოში გაიხსნება. პროექტი საპილოტეა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად