ზალკალიანი: ცალკეული პოლიტიკოსების მოწოდებები ემსახურება მთავრობის მიერ ორგანიზებული და გაწერილი პროცესის ხელის შეშლას

საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი ტელეკომპანია POSTV-ის პირდაპირ ეთერში საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეების დაბრუნებასთან დაკავშირებით პოლიტიკური ჯგუფების და კერძო პირების ინიციატივას გამოეხმაურა.

„ჩემი პოზიცია საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ მსგავსი სახის უპასუხისმგებლო, არასერიოზული და აწყობილ სისტემაში დესტრუქციის შემოტანის ელემენტი სხვა არაფერს ემსახურება, თუ არა იმას, რომ საკოორდინაციო საბჭოს, საქართველოს მთავრობის მიერ ძალიან კარგად დალაგებულ და გაწერილ პროცესს ხელი შეუშალოს“ – განაცხადა მინისტრმა.

ზალკალიანმა აღნიშნა, რომ საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების პროცესი არის ძალიან რთული და კომპლექსური. მისი თქმით, იმისთვის, რომ ეფექტურად მოხდეს ვირუსის გავრცელების პრევენცია, აუცილებელია ქვეყანაში შემომსვლელ ყველა თანამემამულეს ჰქონდეს შესაბამისი 14 დღიანი საკარანტინო პერიოდის გავლის შესაძლებლობა.

„აქ ჩვენ შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს. ამიტომ, მსგავსი სახის ინიციატივები, იქნება ეს კერძო პირისგან, თუ პოლიტიკური პარტიის მხრიდან – ეს უპასუხისმგებლო და არასერიოზულია და ემსახურება მხოლოდ იმას, რომ უკვე დალაგებული, აწყობილი და კარგად ორგანიზებული, კოორდინირებული სისტემა მოირღვეს და აქ პრობლემები შეგვექმნას. პროცესი ძალიან კარგად არის ორგანიზებული და ხელს ნუ შეგვიშლიან – ეს იქნება ჩვენი დახმარება და არა ის, რომ არაორგანიზებულად ათასობით ადამიანი უცბად ჩამოიყვანოთ და მათ არ ქონდეთ შესაბამისი საკარანტინო სივრცე და ვერ შეძლონ აუცილებელი პროცედურების გავლა. ერთ და ორ არაკონტროლირებად ადამიანსაც შეუძლია ისეთი ზიანი მიაყენოს ქვეყნას, რომელმაც შეძლება შემდგომ მოგვცეს ასი, ორასი, სამასი და მეტი დაინფიცირებული. ამიტომ, ჩვენ არ გვაქვს ელემენტარული შეცდომის დაშვების უფლება და არავის მივცემთ საშუალებას, რომ ხელი შეგვშალოს ამ პორცესში“ – აღნიშნა მინისტრმა.

მან ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ საქართველოზე ეკონომიკურად ძლიერმა ქვეყნებმა ვერ მოახერხეს პანდემიის გავრცელების ფონზე მსგავსი რაოდენობის და ასე ორგანიზებულად საკუთარი მოქალაქეების დაბრუნება.
მისი თქმით, საქართველოს მთავრობის ძალისხმევით ქვეყანაში უკვე 4000 მოქალაქე დაბრუნდა და ეს პროცესი ეტაპობრივად გაგრძელდება.

როგორც დავით ზალკალიანმა აღნიშნა, სპეციალური ფონდის მეშვეობით, უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების დახმარების პროცესში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ, მათ შორის, კერძო კომპანიებს. მისი თქმით, საკოორდინაციო საბჭო ყოველდღიურ რეჟიმში მსჯელობს უცხოეთში მყოფი ჩვენი თანამემამულეების საჭიროებებზე და მათი გადაჭრის გზებზე.

„ჩვენი პარტნიორები ზუსტად ამას აღნიშნავენ, რომ საქართველოს ხელისუფლების, საკოორდინაციო საბჭოს მხრიდან გადადგმული ეფექტიანი ნაბიჯები ცხადყოფს, რომ ქვეყანას აქვს სწორად გააზრებული, თანმიმდევრული გეგმა, რომელსაც მივყვებით. ჩვენ აუცელებლად დავაბრუნებთ ყველას, ვისაც სურვილი აქვს ეტაპობრივად, ორგანიზებულად; ისე, რომ არავის პრობლემა არ შეექმნას, არც მოქალაქეებს, რომლებიც ქვეყნის ფარგლებს გარეთ იმყოფებიან და არც მათ, ვინც სახლში დახვდებიან“ – აღნიშნა ზალკალიანმა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად