ზალკალიანი: როდესაც მსოფლიო პანდემიას ებრძვის, რუსეთი საოკუპაციო პოლიტიკას აგრძელებს

„გასაკვირია, რომ იმ დროს როდესაც მთელი მსოფლიო ებრძვის ისეთ სერიოზულ გამოწვევას, როგორიც პანდემიაა, რუსეთის ფედერაციას აქვს დრო, სურვილი და საშუალება, რომ გააგრძელოს საოკუპაციო აქტივობები, მათ შორის მავთულხლართების და გამყოფი ხაზების აღმართვა“ – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა იმედის პირდაპირ ეთერში განაცხადა.

მინისტრის თქმით, რუსეთის ქმედება, როგორც საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპის დარღვევა, არ დარჩება რეაგირების გარეშე არც საქართველოს და არც საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან.
როგორც ზალკალიანმა აღნიშნა, საქართველომ მყისიერად მოახდინა საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაცია, დაუყოვნებლივ შედგა კომუნიკაცია ჟენევის თანათავმჯდომარეებთან, ყველა პარტნიორთან; პრემიერ მინისტრის პირდაპირი ვიდეო-კონფერენცია ევროკომისიის ახალ პრეზიდენტთან სწორედ ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ სიტუაციას შეეხებოდა.
„ის განცხადებები, რომლებიც ჩვენ მოვისმინეთ ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირის, ჩვენი პარტნიორი სახელმწიფოების მხრიდან მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა, ისევე როგორც მანამდე, დღესაც ერთიანია საქრთველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაში, რაც დაადასტურა კიდეც ევროკომისიის ახალმა პრეზიდენტმა ქალბატონმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა“ – აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მისი თქმით, საქართველო იყენებს ყველა საერთაშორისო ფორუმს, ფორმატსა და პლატფორმას იმისთვის, რომ რუსეთის ფედერაცია იყოს მუდმივად დისკომფორტში და საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან გაიზარდოს რუსეთზე ზეწოლა.
„ჩვენ უნდა მივიღოთ რაც შეიძლება მეტი რეზოლუცია გაეროს გენერალური ასამბლეის, გაეროს უშიშროების საბჭოს, ევროპის საბჭოს, ეუთოს, ევროკავშირის ფარგლებში, რათა საკითხი მუდმივად შენარჩუნდეს საერთაშორისო თანამგობრობის დღის წესრიგში“ – განაცხადა ზალკალიანმა. მისი თქმით, საქართველო თანმიმდევრულად მიჰყვება არაღიარების პოლიტიკას, რომლის მიზანს წარმოადგენს იმის გათავისება, რომ ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების საფუძველი ყველაზე შორეულ პერსპექტივაშიც კი არ არსებობს.
მინისტრის თქმით, რუსეთს სწორედ ეს პოლიტიკა აღელვებს, და სწორედ თავისი უკანონო ქმედებების ლეგალიზაციის მიზნით მიმართავს ის ბორდერიზაციის პორცესს, რომელიც ამავე დროს წარმოადგენს საქართველოზე ზემოქმედების ბერკეტს, რათა ხელი შეუშალოს საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას.
„რაც უფრო სწრაფად უახლოვდება საქართველო ნატოსა და ევროკავშირს, მით უფრო მყისიერად ახდენს რუსეთი ამ ბერკეტის გააქტიურებას“ – აღნიშნა ზალკალიანმა და დასძინა, რომ რუსეთი ამ ბერკეტს ყველაზე აქტიურად მაშინ იყენებს, როდესაც საქართველო საერთაშორისო წარმატებას აღწევს:
„ის, რომ დღეს საქართველო აღიარებულია როგორც ერთ-ერთი წარმატებული ქვეყანა პანდემიასთან ბრძოლის თვალსაზრისით, საკმარისი საფუძველი იყო რუსეთისთვის, რომ სწორედ ამ დროს მოეხდინა თავისი ბერკეტების აქტუალიზაცია“ – განაცხადა მინისტრმა.
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად