ზალკალიანი: ყურადღებით ვაკვირდებით ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებს

ყურადღებით ვაკვირდებით ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით ახლოა აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებს. უკანასკნელი დღეების განმავლობაში გვქონდა კომუნიკაცია ამერიკის შეერთებული შტატების საქმეთა რწმუნებულთან საქართველოში, ასევე სხვა პარტნიორებთან. გამომდინარე იქედან, რომ საქმე ეხებოდა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს, ასევე რეგიონში სიტუაციის ესკალაცია, რომელსაც შესაძლოა ასევე ჰქონდეს დამაზიანებელი ეფექტი არა მხოლოდ რეგიონზე, არამედ რეგიონს მიღმა.

ჩვენს ინტერესებში იყო სიტუაციის დეესკალაცია და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი პარტნიორების მხრიდან გვაქვს ყველანაირი საფუძველი, რომ პროცესები წავიდეს დეესკალაციის მიმართულებით, აქტიურად იყოს ჩართული ყველა დიპლომატიური მექანიზმი და ამოქმედებული ყველა დიპლომატიური საშაუალება იმისთვის, რომ მოიძებნოს სიტუაციის განმუხტვის ყველა საშუალება.

რა თქმა უნდა, ჩვენ ინსტრუქტირებული გვყავდა ყველა ჩვენი საელჩო ყურის რეგიონში, რომ ამ რეგიონში არიან ჩვენი მოქალაქეები, ბუნებრივია, მთავარი აქცენტი გაკთებული იყო ერაყზე. თავად ბაღდადში საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა არ ფიქსირდება. ჩვენ გვყავს საქართველოს მოქალაქეები ერაყის ჩრდილოეთ ნაწილში და სწორედ მათთან გვქონდა აქტიური კომუნიკაცია. იყო მიღებული და უკვე გვაქვს ზომები იმასთან დაკავშირებით, ცუდი სცენარის პირობებში როგორ მოხდებოდა საქართველოს მოქალაქეების დახმარება. ისინი მუდმივ კავშირზე არიან საქართველოს საელჩოსთან. ჩვენ არ გვყავს საელჩო ბაღდადში, ერაყში, მაგრამ ვფარავთ იორდანიიდან და სწორედ ამ საელჩოს დახმარებით ხდებოდა კომუნიკაცია. ნებისმიერი სცენარის განვითარების პირობებში ჩვენ მზად ვიყავით, ვართ და ვიქნებით აქტიურ კომუნიკაციაში ჩვენს მოქალაქეებთან. ეს დავალება პირველი დღეებიდანვე მიღებული გვქონდა პრემიერ-მინისტრისგან.

უშიშროების საბჭოს შემადგენლობის ფორმატში შიდა განხილვაც გაიმართა. პრემიერ-მინისტრი უშუალოდ იყო ჩართული ყველა შესაბამის უწყებასთან, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, ასევე იმ უწყებებთან, რომლებიც წამოდგენილნი არიან უშიშროების საბჭოს ფორმატში. ვიყავით მუდმივი კომუნიკაციის რეჟიმში როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, გარეთ – პარტნიორებთან. ამ მომენტისთვის უშიშროების საბჭოს მოწვევის აუცილებლობა არ დგას. აქტიურად ვაკვირდებით პროცესებს“, – განაცხადა ზალკალიანმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად