ზალკალიანი: პრეზიდენტის ხელმძღვანელობით, საქართველოს დელეგაცია მომავალ კვირას ნიუ-იორკში მიემგზავრება

ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურანლისტებთან განაცხადა.

“მინდა გაცნობოთ, რომ მომავალ კვირას დაგეგმილი არის საქართველოს დელეგაციის ვიზიტი ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, საქართველოს დელეგაციას უხელმძღვანელებს საქართველოს პრეზიდენტი და დელეგაციის შემადგენლობაში ვიქნები მეც ბუნებრივია. იქნება ძალიან დატვირთული დღის წესრიგი მთელი კვირის განმავლობაში, დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა გენერალური ასამბლეის სხდომაზე ასევე მრავალმხრივი და ორმხრივი შეხვედრები. საქართველოს პრეზიდენტი სიტყვით გამოვა გენერალური ასამბლეის მაღალი დონის დებატებზე. ასევე არის დაგეგმილი მრავალი პარალელური ღონისძიება, მათ შორის საყოველთაო ჯანდაცვის შესახებ მაღალი დონის შეხვედრა და მდგრადი განვითარების მიზნების სამიტი, რომელიც ასევე გენერალური ასამბლეის ფარგლებში გაიმართება. თავის მხრივ დატვირთული პროგრამა მაქვს მეც, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრს. მექნება საშუალება მივიღო მონაწილეობა მინისტერიალზე და მათ შორის ევროკავშირის ინიციატივით ე.წ. GOOD HUMAN RIGHTS STORIES მაღალი დონის ღონისძიებაზე.
ეს ღონისძიება ეთმობა წარმატებული ქვეყნების მაგალითს, რომელთაც აქვთ ხელშესახები შედეგები დემოკრატიული რეფორმების და ადამიანის უფლებათა კუთხის თვალსაზრისით. მსგავსი სახის ღონისძიებაზე გასულ წელს საქართველო აღიარებული იქნა როგორი ლიდერი ქვეყანა. წელსაც გვექნება შესაძლებლობა 13 ქვეყანას შორის ჩვენი რეფორმების შესახებ ვისაუბროთ. ასევე უკვე მეორედ ამერიკის სახელმწიფო მდივნის ინიციატივით მონაწილეობას მივიღებთ ტრანს-ატლანტიკურ სახელმწიფოთა საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში. მეორე წელია რაც საქართველოს ოფიციალურად იწვევენ ამ ღონისძიებაზე და ეს არის კიდევ ერთხელ ჩვენი ევროატლანტიკური პარტნიორების მხრიდან საქართველოს აღიარება როგორც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ასპირანტი ქვეყნის. ბუნებრივია მე მექნება ნატოს წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შესაძლებლობა განვიხილო საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ მნიშვნელოვანი პროგრესი და ვისაუბრო იმ პროცესებზე, რომელიც მიმდინარეობს ევრო-ატლანტიკურ არეალში. დაგეგმილია დელეგაციის და პრეზიდენტის შეხვედრა გენერალურ მდივანთან. ასევე მივიღებთ მონაწილეობას ბირთვული იარაღის გამოცდის აკრძალვის ხელშეკრულების კონფერენციაში. „ბისეკისა“ და სუამის მინისტერიალში. ასევე გვექნება როგორც პრეზიდენტს ასევე მე მრავალი ორმხრივი შეხვედრა გენერალური ასამბლეის ფორმატში რომელსაც როგორც წესი ვიყენებთ იმისთვის რომ რაც შეიძლება დიდი რაოდენობით პარტნიორი ქვეყნების მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების ლიდერებს, საგარეო საქმეთა მინისტრებს შევხვდეთ რათა ჩვენი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები იყოს აქტუალური საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში“- განაცხადა ზალკალიანმა.
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად