ზალკალიანი: მსოფლიოში ავიარეისების აღდგენის შემდგომ თუ რუსეთი საქართველოსთან ფრენებს განაახლებს, მივესალმებით

მსოფლიოში ავიარეისების აღდგენის შემდგომ თუ რუსეთი საქართველოსთან ფრენებს განაახლებს, მივესალმებით, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა.

მინისტრის თქმით, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენაზე საუბარიც კი ზედმეტია იმ ვითარებაში, სანამ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება არ იქნება შესრულებული და დეოკუპაციის მიმართულებით ნაბიჯები არ გადაიდგმება.
“როგორც საყოველთაოდ ცნობილია, საქართველოსა და რუსეთს შორის ავიამიმოსვლა შეწყდა რუსეთის მხარის გადაწყვეტილებით და, შესაბამისად, თუ ზოგადად მსოფლიოში რეგულარული ფრენების აღდგენის შემდგომ, რუსეთი შეცვლის საკუთარ გადაწყვეტილებას და აღადგენს ავიამიმოსვლას, როგორც არაერთხელ განვაცხადეთ, ჩვენ მხოლოდ მივესლმებით ამას, რადგან პირდაპირ ავიამიმოსვლის შეწყვეტა საგრძნობლად ურთულებს ცხოვრებას ჩვენს ათასობით მოქალაქეს, რომელიც რუსეთის ფედერაციაში სხვადასხვა სტატუსით ცხოვრობს და არც სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებაზე აისახება დადებითად.
უნდა აღინიშნოს ასევე, რომ რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში არც ამ გადაწყვეტილების მიღების დროს და არც მას შემდეგ არანაირი საფრთხე არ ემუქრებოდათ, რასაც მილიონზე მეტი ვიზიტორი ადასტურებდა.
დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის საკითხზეც კომენტარი არაერთხელ გაკეთებულა. საქართველოს ხელისუფლებისათვის მიუღებელია სამი საელჩო ქვეყნის ტერიტორიაზე და საკითხის განხილვაც კი გამორიცხულია ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების შესრულების კუთხით ხელშესახები პროგრესის, ანუ დეოკუპაციის მიმართულები გადადგმული ქმედითი ნაბიჯების გარეშე.
რაც შეეხება სავაჭრო წარმომადგენლობებს, ასეთ ფორმას საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. შესაბამისად მიგვაჩნია, რომ სავაჭრო-ეკონომიკური პრობლემატიკის განხილვა უნდა გაგრძელდეს ე.წ. აბაშიძე-კარასინის ფორმატში, სადაც ამ მიმართულებით კონკრეტული, მნიშვნელოვანი შედეგებია მიღწეული.
საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია თბილისსა და მოსკოვში, შვეიცარიის საელჩოების შემადგენლობაში არსებული საქართველოსა და რუსეთის ინტერესების სექციების პოტენციალის გამოყენებაც”, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად