ზალკალიანი: ლიბიაში მყოფი ორი ქართველი მეზღვაური ძალიან მალე დაუბრუნდება ჩვენს ქვეყანას

“მიმდინარეობს მოლაპარაკებები და ლიბიაში მყოფი ორი ქართველი მეზღვაური ძალიან მალე დაუბრუნდება ჩვენს ქვეყანას.”

ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, დავით ზალკალიანმა ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატებთან“ შეხვედრაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისივე განმარტებით,  სახელმწიფო ნებისმიერ შესაძლებლობას იყენებს, რომ ეს საკითხი რაც შეიძლება სწრაფად გადაწყდეს.

„თავდაპირველად, როგორც ცნობილია, ოთხი მეზღვაური იყო დაკავებული. ჩვენ პირველი დღიდან აქტიურად ვიყავით ჩართული მოლაპარაკებების პროცესში. მოგეხსენებათ, სიტუაცია მარტივი არაა, ვინაიდან ლიბიაში დღესაც საომარი მოქმედებები მიმდინარეობს. კერძოდ, დედაქალაქ ტრიპოლის შემოგარენში. აქედან გამომდინარე, ეს პროცესებიც ობიექტური გარემოებების გამო გაჭიანურებული იყო.

ჩვენ ოთხი მეზღვაურიდან ორი უკვე გამოვიხსენით და ისინი საქართველოში არიან. დარჩენილ ორთან -კაკალაძესთან და კომახიძესთან დაკავშირებით აქტიური პროცედურები მიმდინარეობს. მათ, შესაბამისი სასამართლო პროცედურების შედეგად, სასჯელი უკვე მისჯილი აქვთ, რომლის ვადაც უკვე გასულია. ამჟამად, ვიმყოფებით აქტიურ მოლაპარაკებების რეჟიმში, რომ ისინი დავაბრუნოთ და დარწმუნებული ვარ, ამ წლის ბოლომდე ან შეიძლება კიდევ უფრო ადრეც, მათი გამოხსნა მოხერხდეს.

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში პირადად შევხვდი ლიბიის საგარეო საქმეთა მინისტრს და მასაც ვთხოვე. ნებისმიერ შესაძლებლობას ვიყენებთ იმისთვის, რომ ეს საკითხი რაც შეიძლება სწრაფად გადაწყდეს.

იქ დიპლომატიური წარმომადგენლობები არ არის, რადგან საომარი მოქმედებებია. ამიტომ, გადაფარვა გვაქვს ეგვიპტიდან და კაიროში ჩვენი ელჩი არის ჩართული ამ მოლაპარაკების პროცესში და ასევე, საპატიო კონსულიც. მინდა გითხრათ, რომ ძალიან მალე, შესაძლოა 2-3 თვის, შეიძლება არც კი ვადაში, ეს ადამიანები, ჩვენი მოქალაქეები დაუბრუნდნენ ჩვენს ქვეყანას“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად