ზალკალიანი ლავროვთან შეხვედრის იდეაზე: სპეკულაციაა საუბარი, თუ რატომ მოხდა ამ თემის დამალვა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სპეკულაციას უწოდებს იმაზე საუბარს, რომ მისი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან სერგეი ლავროვთან შეხვედრა ფარულად მოხდა.

მისი თქმით, ლავროვთან შეხვედრის იდეა ერთ-ერთ არაფორმალურ სადილზე გაჩნდა. ინიციატორი შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო. მას შემდეგ რაც ეს შეხვედრა დაიგეგმა, მან ამის შესახებ ქართულ მედიაში ისაუბრა.

ზალკალიანის ინფორმაციით, ლავროვთან შეხვედრაზე საუბრის თემა იყო საქართველოში მიმდინარე უკანონო ბორდერიზაციის პროცესი, ასევე ჰუმანიტარული საკითხები და ჟენევის მოლაპარაკების მნიშვნელობა.

„სპეკულაციაა საუბარი, თუ რატომ მოხდა ამ თემის დამალვა ან პოსტფაქტუმ ამის გაჟღერება. არ ვეთანხმები ამას. მთელი 6 დღის განმავლობაში ვიმყოფებოდი ნიუ იორკში.

ყოველ დღე ჩემი ორმხრივი ურთიერთობის შესახებ მედიასთან მქონდა კომუნიკაცია, განსაკუთრებით ხაზს ვუსვამდი ჩვენი პარტნიორების მხრიდან წუხილს იმასთან დაკავშირებით, რომ მიუხედავად ამ მობილიზაციისა და კონსოლიდაციისა ვერ ხერხდებოდა ამ პროცესის შეჩერება, და ჩვენ რომ მუდმივად ვფიქრობდით იმაზე, რა დამატებითი ხერხები და მექანიზმები გამოგვეყენებინა იმისთვის, რომ უშუალოდ რუსეთის ფედერაციასთან პირდაპირ დაგვეყენებინა ეს საკითხი. უფრო მეტიც, წინა დღეს, როდესაც მე მქონდა შეხვედრა ჩემს ევროპელ კოლეგებთან, ამ არაფორმალური სადილიდან გამოსვლის შემდეგ დამხვდა ქართული მედია და მივეცი ინტერვიუ, რომ სწორედ ჩვენს პარტნიორებთან ურთიერთობით, მათთან სინქრონიზაციით და კონსულტაციების შედეგად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მივდივართ ამ შეხვედრაზე. ეს იყო გაჟღერებული ჩემს შეხვედრამდე ცოტა ხნით ადრე ქართულ მედიაში.

ამ პრეტენზიას არ მივიღებ, რომ ეს თითქოს დამალულად მოხდა და ჩვენ ამის შესახებ წინასწარ არ ვაცნობეთ საზოგადოებას“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა პლენარულ სხდომაზე.

ცნობისთვის, დავით ზალკალიანს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად