ზალკალიანი: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშებში მკვიდრდება ტერმინი ოკუპაცია

ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მთავრობის სხდომაზე განაცახდა.

„რა თქმა უნდა, სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი. ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის რეკომენდაციები განსაკუთრებით ყურადსაღებია. მოგეხსენებათ, რომ ანგარიში ემსახურება გარკვეული ხარვეზების აღმოფხვრას ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში.

ჩვენ ბუნებრივია, გავითვალისწინებთ იმ რეკომენდაციებს, რაც ანგარიშშია მოცემული და გამოვიყენებთ მას იმისთვის, რომ ის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას აქვს შემუშავებული ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით, იყოს შესაბამისობაში ამ რეკომენდაციებთან. ყველა რეკომენდაცია, რაც სახელმწიფო დეპარტამენტიდან მოდის, იქნება გათვალისწინებული.

თქვენთვის კარგად არის ცნობილი, რომ მსგავსი რეკომენდაციები გაიცემა ყველა ქვეყანასთან მიმართებაში, მათ შორის განვითარებული დემოკრატიის ქვეყნებთან მიმართებაში, სწორედ ამ კუთხით და მაღალი სტანდარტების დაწესების თვალსაზრისით აღვიქვამთ ამ განცხადებას. ბუნებრივია მასზე იქნება ადეკვატური და შესაბამისი რეაგირება.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშებში არა მხოლოდ საკანონმდებლო, არამედ აღმასრულებელ დონეზე მკვიდრდება ტერმინი ოკუპაცია, რაც კიდევ ერთხელ არის დაფიქსირებული. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება მიუღებლობაზე იქ შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით და ბუნებრივია, ეს არის კარგი საფუძველი იმისთვის, რომ ჩვენ საერთაშორისო თანამეგობრობის და ყველა ფორმატი გამოვიყენოთ იმისთვის, რომ დამკვიდრდეს ეს ტერმინი. ბუნებრივია, ვიმოქმედებთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების შესაბამისი რეკომენდაციებიდან გამომდინარე. გვექნება ამის შესახებ საუბარი ჟენევის ფორმატში, ასევე ეუთოს, ევროკავშირის, ევროპის საბჭოს ფორმატში. კარგია, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი მუდმივად ხაზს უსვამს მძიმე მდგომარეობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით.

უახლოეს პერიოდში გვექნება მნიშვნელოვანი რეზოლუციები გაერო ადამიანის უფლებათა საბჭოს ფარგლებში. ბუნებრივია ეს რეზოლუცია და რეკომენდაციები ამ თვალსაზრისითაც გამოგვადგება“, – განაცხადა ზალკალიანმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად