ზახაროვა: უცნაურია ბერლინის განცხადება, რომ ”ხანგოშვილის საქმეზე” მოსკოვი გამოძიებასთან სათანადოდ არ თანამშრომლობს

გერმანიამ საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის გამოძიების შემდეგ იურიდიული დახმარება მოითხოვა, მას შემდეგ რაც რუსი დიპლომატები გერმანიიდან გააძევეს, ბერლინის პრეტენზიები იმის შესახებ, რომ მოსკოვი გერმანიის ხელისუფლებასთან ამ საქმეში სათანადოდ არ თანამშრომლობდა, უცნაურია. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ ბრიფინგზე განაცხადა.

”შემიძლია დავადასტურო, რომ ბერლინმა მოსკოვს ოფიციალური მოთხოვნა გაუგზავნა- ეს 2019 წლის 6 და 10 დეკემბერს, ჩრდილოეთ კავკასიაში ტერორისტული დაჯგუფების წევრის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმის გამოძიებას ეხებოდა”,-განაცხადა ზახაროვამ ბრიფინგზე, როდესაც უპასუხა კითხვას, სთხოვა თუ არა გერმანიამ რუსეთს იურიდიული დახმარება ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე მას შემდეგ, რაც რუსი დიპლომატები ქვეყნიდან გააძევეს.

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა გაიხსენა, ორი რუსი დიპლომატის გაძევების შესახებ გადაწყვეტილება 4 დეკემბერს გამოცხადდა, “იმის გამო, რომ რუსეთი სავარაუდოდ ბერლინთან სათანადოდ არ თანამშრომლობდა”.

”ხანგოშვილის საქმეზე გერმანიისა და რუსეთის სამართალდამცავ ორგანოებს შორის კონტაქტი 2019 წლის აგვისტოს ბოლოდან არის, ამას თავად ბერლინიც აღიარებს. გერმანიის ხელისუფლების განცხადებები იმის შესახებ, რომ სავარაუდოდ რუსეთი დანაშაულის გარემოებების გარკვევაში სათანადოდ არ მონაწილეობს, მინიმუმ უცნაურია”,- განაცხადა ზახაროვამ.
9 დეკემბერს, გერმანიის მთავრობამ კვლავ მოუწოდა რუსეთს, ბერლინში ჩეჩნეთის ყოფილი საველე მეთაურის, ზელიმხან ხანგოშვილის გახმაურებული მკვლელობის საქმის გამოძიებაში დაეხმაროს. გერმანიის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ რუსულმა მხარემ საქმის მასალებს დაუყოვნებლივ უნდა უპასუხოს. DW-ის ცნობით, ამის შესახებ გერმანიის მთავრობის ოფიციალური წარმომადგენლის მოადგილემ, ულრიკე დემერმა განაცხადა.

ადრე, გერმანიამ მოსკოვი გააკრიტიკა და განმარტა, რომ რუსეთი დანაშაულის გამოძიებაში მათთან არ თანამშრომლობს. აღნიშნულთან დაკავშირებით, გერმანიამ ორი რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა. ამ ნაბიჯს მხარი გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა დაუჭირა.

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს კომიტეტის თავმჯდომარემ ლეონიდ სლუცკიმ დიპლომატების გაძევების გამო, რუსეთის მხრიდან სარკისებური, ადეკვატური და სიმეტრიული რეაგირება არ გამორიცხა. დეპუტატმა ამის შესახებ სააგენტო “ინტერფაქსს” განუცხადა.

მისი თქმით, გერმანიაში რუსეთის საელჩოს ორი თანამშრომლის გაძევება “რუსოფობიური ისტერიით მოქმედება” და  ბერლინის მხრიდან გადადგმული “არამეგობრული ნაბიჯია”.

ცნობისთვის, ზელიმხან ხანგოშვილი”ნაცმოძრაობის” ხელისუფლების პერიოდში, 2012 წელს, ლოპოტას ხეობაში ჩატარებულ “ლაფანყურის სპეცოპერაციაში” ფიგურირებდა.

არაოფიციალური ინფორმაციით, მოკლული ხანგოშვილი ის პირი იყო, ვინც  2012 წლის აგვისტოში სპეცოპერაციის შემდეგ,  ქართველ სამართალდამცავ უწყებებსა და შეიარაღებულ ჩეჩნებს  შორის შუამავლობა იკისრა. რამდენიმე წლის შემდეგ, 2015 წელს ზელიმხან ხანგოშვილს თბილისში “გაგარინის მოედანზე” ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს, რის შემდეგ მან საქართველო დატოვა.

ასევე, არაოფიციალური ინფორმაციით, ის რუსეთ-ჩეჩნეთის ომში მონაწილეობდა, რის გამო რუსეთის ფედერაციის პოლიციამ ხანგოშვილი ძებნილად გამოაცხადა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად