ზაგრების კლასიკური სტილით მოჭიდავეთა სარეიტინგო ტურნირზე რამაზ ზოიძე ოქროს მედლისთვის იჭიდავებს (ვიდეო)

ზაგრებში კლასიკური სტილით მოჭიდავეთა წლის პირველი სარეიტინგო ტურნირი მიმდინარეობს.

მოჭიდავეები სარეიტინგო ქულების ლომის წილს მსოფლიო და კონტინენტის ჩემპიონატებზე აგროვებენ და სარეიტინგო ტურნირებზე გამარჯვება მოჭიდავის რეიტინგს მხოლოდ 8 ქულას მატებს. ეს მაშინ, როდესაც მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვებულის რეიტინგს 50 ქულა ემატება, ხოლო კონტინეტის ჩემპიონატზე გამარჯვებულისას – 12 ქულა.

ალბათ, ამიტომაც იყო, რომ ჯერ თავისუფალი სტილით მოჭიდავებმა გამოტოვეს წლის ოთხი სარეიტინგო ტურნირიდან პირველი, ივან იარიგინის სახელობის ტურნირი კრასნოიარსკში, ახლა კი კლასიკური სტილით მოჭიდავეებმა ასევე ოთხიდან პირველ სარეიტინგო ტურნირზე, ხორვატიის დედაქალაქ ზაგრების ღია პირველობაზე, არაოლიმპიურ წონებში იასპარეზეს.

ერთადერთი გამონაკლისი ოლიმპიური, 87 კგ წონითი კატეგორია იყო, სადაც წონის ლიდერების, რობერტ კობლიაშვილის და ზურაბ დათუნაშვილის ნაცვლად ზაგრებში გურამ ხეცურიანი იყო წარგზავნილი და მან პირველივე შეხვედრა წააგო (1:3) ირანელ ჰასან ჯახანბახშ ფორუზანდე გოჯებეიღლუსთან.

63 კგ წონაში ირაკლი ძიმისტარიშვილი აშშ-ის მოჭიდავე ხავიერ ტრამაინ ჯონსონმა ირაკლი ძიმისტარიშვილი აშკარა უპირატესობით (9:0) დაამარცხა, შემდეგ ფინალში გავიდა და ირაკლის ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის შანსი მისცა. რეპეშაჟის ნახევარფინალში ირაკლი მასპინძელს, ლუკა ფრიჰისტალს შეხვდება.

72 კგ წონით კატეგორიაში საქართველოს სამი წარმომადგენელი ჰყავდა. შმაგი ბოლქვაძემ პირველივე შეხვედრა წააგო (1:2) პოლონელ გევორქ სააკიანთან. პირველივე შეხვედრაში ზორვატ მატე ნემეშთან დამარცხდა (3:8) გიორგი კურტანიძეც. რამაზ ზოიძემ კი ჯერ ნორვეგიელ ვეგარდ იორგენსენს სძლია (13:6), შემდეგ მატე ნემეშს (10:4), ნახევარფინალში აშკარა უპირატესობით (11:2) დაამარცხა პოლონელი მატეუშ ლუციან ბერნატეკი და დღეს ფინალში იჭიდავებს უნგრელ რობერტ ატილა ფრიტჩთან

82 კგ წონით კატეგორიაში აივენგო რიკაძე მასპინძელ ფილიპ საჩიჩთან მეოთხედფინალურ შეხვედრაში ჩოქბჯენში ცააყენეს მსაჯებმა და ხორვატმა ორო ორქულიანი ილეთით ანგარისი 5:0 გახადა. იგი კვლავ ცდილობდა ქულების აკრეფას, მაგრამ მოულოდნელად აივენგო მოექცა მას ზემოდან და ჯერ 3:5 გახადა ანგარიში, შემდეგ კი ბეჭებზე დადო მოწინაღმდეგ და სუფთა გამარჯვება მოიპოვა. სამწუხაროდ, აივენგომ ამ შეხვედრაში ტრავმა მიიღო და ნახევარფინალში საჭიდაოდ არ გავიდა. ამ დროისთვის უცნობია, შეძლებს თუ არა იგი რეპეშაჟის ფინალში ბრინჯაოს მედლისთვის ჭიდაობას.

სარეიტინგო ტურნირზე გამარჯვება, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მოჭიდავის რეიტინგს 8 ქულას მატებს, მეორე ადგილოსანი 6 ქულას ჩაიწერს აქტივში, მესამე ადგილოსანი 4 ქულას, ხოლო მეხუთეადგილოსანი ანუ რეპეშაჟის ფინალში დამარცხებული – 2 ქულა.

მასალა მოამზად რაულ კაპანაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...