ზაალ უდუმაშვილი: საგამოძიებო კომისიის შექმნა კარგია, მაგრამ ჟურნალისტების პოზიციასაც დაველოდებით… რისკფაქტორებიც არსებობს

ფრაქცია “შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფმა” 5 ივლისის მოვლენებისა და ჟურნალისტების ცემის ფაქტებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნა დააინცირა. მხარდაჭერისთვის 50 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო. თუმცა, ოპოზიციაში პოზიცია შეჯერებული ჯერ არ არის და კონსულტაციები მიმდინარეობს.

გუშინ ხსენებული ფრაქციის თავმჯდომარემ ხათუნსა სამნიძემ “აიპრესს” უთხრა, რომ ამ საკითხზე მუშაობა გრძელდება. მისივე თქმით, ოპოზიციის ნაწილი საგამოძიებო კომისიის შექმნას ეწინააღმდეგება, მაგალითად ასეთია ბოკერია.

რა პოზიცია აქვს “ნაციონალურ მოძრაობას” და დაუჭერს თუ არა მხარს კომისიის შექქმნას? – ამ საკითხზე “აიპრესთან” ინტერვიუში პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ზაალ უდუმაშვილი საუბრობს:

_ 5-6 ივლისის მოვლენებზე ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების“ ჯგუფმა საგამოძიებო კომისია დააინიცირა. ფრაქციის წევრები საუბრობენ იმაზე, რომ მუშაობენ, რათა საკმარისი 50 ხმა შეგროვდეს. თქვენი პოზიცია როგორია? – უჭერთ თუ არა მხარს კომისიის შექმნას?

_ საგამოძიებო კომისია ყოველთვის მნიშვნელოვანია ასეთი ფაქტების დროს. მას შეუძლია ძალიან ბევრი ფაქტი დაადგინოს. თუმცა, ჩვენ ამაზე ვმსჯელობთ და უპირველეს ყოვლისა დაველოდებით თავად ჟურნალისტების პოზიციასაც. როგორი იქნება ჟურნალისტების პოზიცია და ზოგადად მედიის პოზიცია ამასთან დაკავშირებით. ამის მერე მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას. რა თქმა უნდა, კონსულტაციებში ვმონაწილეობთ.

_ ანუ, შესაძლოა ჟურნალისტებს არ უნდოდეთ კომისიის შექმნა?

_ არა, მათი პოზიცია ჯერ არ ვიცით. ვნახოთ.

საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით შესაძლოა არგუმენტები ბევრნაირი იყოს. დავუშვათ, შესაძლოა არგუმენტები იყოს ისიც, რომ არ მივცეთ ხელისუფლებას საბაბი, რომ ქუჩის პროტესტი ჩაახშოს ამ საგამოძიებო კომისიაზე დაყრდნობით. არსებობს რაღაც რისკფაქტორები, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ.

_ ერთი მეორეს ხელს უშლის, რომ პარალელურად ხდებოდეს – ქუჩის პროტესტიც და საგამოძიებო კომისიის ფორმატში მუშაობაც?

_ ერთი მეორეს ხელს არ უშლის, თუმცა რაღაც რისკფაქტორები არსებობს, რაც უნდა გავითვალისწინოთ კონსულტაციების დროს. საბოლოო გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მივიღებთ.

_ სავარაუდოდ როდისთვის იქნება ეს გადაწყვეტილება ცნობილი და ძალიან ხომ არ გაიწელება პროცესი?

_ არა. დიდხანს ვერ გაიწელება პროცესი. ეს უნდა შეჯერდეს ოპოზიციის ყველა პარტიის მხრიდან, რომლებიც წარმოდგენილია პარლამენტში.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

კომენტარები
იტვირთება...