ზაალ უდუმაშვილი: ყალბი ნიუსების ნებისმიერი პლატფორმიდან გავრცელება ჩემთვის მიუღებელია (ინტერვიუ)

Facebook-მა, მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი ყალბი გვერდები და მათთან დაკავშირებული ანგარიშები გააუქმა. მათ შორის არის “ქართული ოცნების” და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერი გვერდები, ფეისბუქ ანგარიშები, ჯგუფები და ინსტაგრამ ანგარიშები.

რა პასუხი აქვთ Facebook-ის მონიტორინგის შედეგებთან დაკავშირებით და რა რეაგირება ექნებათ პარტიაში? – ამ საკითხებთან დაკავშირებით „აიპრესთან“ ინტერვიუში ზაალ უდუმაშვილი საუბრობს.

 _ Facebook-მა დაბლოკა ანგარიშები, მათ შორის „ქართულ ოცნებასთან“ და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებული ანგარიშებიც. თქვენ როგორც ენმ-ის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი და ადამიანი, რომელიც ილაშქრებთ ხოლმე ასეთი მეთოდების ბრძოლის წინააღმდეგ და რეაგირება გექნებათ ამაზე?

_ უპირველეს ყოვლისა ალბათ უნდა განვსაზღვროთ, კონკრეტულად ვისი დაბლოკვა მოხდა. ერთ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს საქმე სისტემურ მართვასთან, რასაც ჰქვია „ქართული ოცნების“ „ტროლებისა“ და „ბოტების“ ფაბრიკები, რომელიც ასეულობით გვერდს აერთიანებს და მას სისტემურად მართავენ მათი ე. წ. პიარშიკები და ამაში იხარჯება მილიონები, რომ ყოველდღიურად გაავრცელონ დეზინფორმაცია და ოპონენტების დემონიზაცია მოახდინონ.

მეორე მხრივ ეს არის კონკრეტული გვერდები, რომლებიც რეალური ადამიანების გვერდებია. შესაძლოა ზოგი მართლაც იყოს აფილირებული „ნაციონალურ მოძრაობასთან“, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ პარტია რაღაცნაირად იღებს მონაწილეობას ამ კონკრეტული გვერდების მართვაში. ამ გვერდების უკან კონკრეტული ადამიანები, რეალური ადამიანები დგანან.

_ ანუ პარტია ამ საკითხზე პასუხისმგებლობას არ იღებს?

_ რა თქმა უნდა. ეს არ არის პარტიის ოფიციალური გვერდი და პარტია ვერ გააკონტროლებს მას.

_ ოფიციალური ვერც იქნებოდა ვერც თქვენი პარტიის შემთხვევაში და ვერც „ქართული ოცნების“ შემთხვევაში…

_ ეს არის ის თუ რომელიმე მხარდამჭერი რაიმე პოზიციას გამოთქვამს და პარტიას ამას ვერ გააკონტროლებს.

ჩემი პოზიცია ასეთია, რომ თუ რომელიმე ადამიანი ავრცელებს გარკვეულ დეზინფორმაციას, რომელი პარტიის მხარდამჭერიც არ უნდა იყოს ის, ეს ანგარიში რა თქმა უნდა დაბლოკილი უნდა იყოს, ამაში ორი აზრი არ არსებობს.

მაგრამ, აქ მეორე ამბავია ის, რომ ამ დაბლოკილ გვერდებს შორის მოხვდნენ, მაგალითად კობა ხაბაზის გვერდი. ხომ ვერავინ იტყვის კობა ხაბაზის შესახებ, რომ ის „ბოტია“ და „ტროლია“?! კობა ხაბაზი არის რეალური ადამიანი, მას გააჩნია თავისი პოზიცია, რომელსაც ის გამოხატავს. მაგრამ, იცით როგორ მოხდა? ძალიან ბევრი report-ი გაიგზავნა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების მხრიდან ასეთი გვერდების დასაბლოკად. მათ არ აწყობთ რეალურად ის, ვინც მათ გარკვეულ დისკომფორტს უქმნის.

ამაში მოხვდნენ არა მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ აფილირებული გვერდები, არამედ ზოგიერთ არასამთავრობო სექტორთან აფილრებული გვერდებიც. ის გვერდები, რომლებიც ძალიან აქტიურები არიან და დისკომფორტია „ქართული ოცნებისთვის“. შესაბამისად გაგზავნილი report-ების მიხედვით ხდება გვერდების დაბლოკვა.

Facebook-ის მხრიდან ეს უკვე მეორე ტალღაა, როცა სოციალური ქსელების ანგარიშები იბლოკება საქართველოში. გახსოვთ, რომ პირველი ტალღა რამდენიმე თვის წინ იყო, როდესაც გაათავისუფლეს „ოცნების“ ყალბი გვერდებისგან სოციალური ქსელი და შემდეგ ისევ აღმოცენდნენ სოკოებივით.

_ თუმცა, Facebook-ის ანგარიშში საუბარია არააუთენტურ ანგარიშებზე. კობა ხაბაზის გვერდს ნამდვილად ვერ ჩავთვლით არაუთენტურად. ასე არაა?

_ კონკრეტული ადამიანების გვერდებია და როგორ შეიძლება ეს იყოს არააუთენტური?! წლების კობა ხაბაზი ამ გვერდით სარგებლობს და მისი პოლიტიკური პოზიციაც ყველასთვის კარგად არის ცნობილი. ის რატომ მოხვდა ყანდიაშვილის გვერდებთან ერთად, ეს არ ვიცი.

_ ვინაიდან Facebook მიუთითებს არაუთენტურ ანგარიშებზე, თქვენ ხომ არ აპირებთ რაღაც ქმედების განხორციელებას? მაგალითად შიდა პარტიულ მოკვლევას, ან სხვა სახის ქმედებას? იმიტომ, რომ ეს თქვენს იმიჯსა და პრესტიჟზეც ცუდად მოქმედებს.

_ რა თქმა უნდა. ნამდვილად არ იყო სასიამოვნო მოსასმენი ის, რაც ჩვენ ვნახეთ. თუმცა, მე როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ღიად და დაუფარავად შემიძლია გითხრათ, რომ პარტიას არანაირი კავშირი არ აქვს ამ გვერდების მართვასთან. ეს არის კონკრეტული ადამიანების გვერდები, რომლებიც თვითონ მართავენ თავის Facebook-გვერდებს. ისინი არ არიან უჩინარი და უხილავი ადამიანები, კონკრეტული ადამიანები არიან. რახან საფრთხე დაინახა Facebook-მა, ალბათ ამიტომ გადაწყვიტა მათი დაბლოკვა. თუმცა, ვხედავთ ამ მხარესაც რამდენია დაბლოკილი და იმ მხარესაც. „ოცნების“ 800-მდე გვერდია დაბლოკილი, რაც იმას ნიშნავს, რომ ტოტალურად მიმდინარეობდა დეზინფორმაციის გავრცელება „ოცნების“ მხრიდან.

_ ანუ არანაირი რეაგირება არ გექნებათ?

_ ჩვენ გადავხედავთ და შევისწავლით იმ გვერდებს, რომლებიც დაიბლოკა. ჩვენ უნდა შევისწავლოთ კონკრეტულად რომელი გვერდების დაბლოკვა მოხდა.

_ გზავნილის გაკეთებასაც არ აპირებთ, რომ თქვენთვის მიუღებელია ყალბი ინფორმაციის გავრცელებით ბრძოლა, თუნდაც კონკრეტული და რეალური ადამიანების ანგარიშებით?

_ ამას პირდაპირ ვიძახი, რომ ყალბი ინფორმაციის გავრცელება, ვისი მხრიდანაც არ უნდა იყოს ის, აბსოლუტურად მიუღებელია. ჩვენ ამას ვებრძვით ამდენი ხანია და ვიბრძვით იმისთვის, რომ ეს შეწყდეს ამ ქვეყანაში. ნებისმიერი ადამიანი, ვინც ავრცელებს ყალბ ინფორმაციას ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია, რომელ პოლიტიკურ პლატფორმაზეც არ უნდა იდგას ის.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად